ფონიჭალაში მოხდარ მკვლელობაზე გარდაცვლილის მეუღლე მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდა

საქართველო, თბილისი - 2016-02-23 11:52:00

ფონიჭალაში მოხდარ მკვლელობაზე გარდაცვლილის მეუღლე ოთარ მამფორია მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდა. მან პოლიციის შენობა 5 საათზე დატოვა.

სახლი, სადაც გუშინ დედა-შვილის მკვლელობა მოხდა, დალუქულია. ადგილობრივები და ოჯახის ახლობლები მომხდარის მოტივის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. როგორც ცნობილია, ბინიდან, სადაც დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს, თანხა წაღებული არ არის. 

ადგილობრივების განცხადებით, გარდაცვლილები არიან 35 წლის ნინა რომანაძე და მისი 3 წლის გოგონა. ნინა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. 35 წლის ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.