ისევ აურზაურია, ისევ არაფრის გამო... ისევ ქარიშხალია ჭიქაშიც და ჭიქის მიღმაც... ქვეყანა ინგრევა _ ფიქრობს ერთი. ქვეყანა შენდება _ ფიქრობს მეორე. საბაბი არსებობს, მიზეზიც. ომს რაღა უნდა, ჩაღდება...
ვიღაცას სძინავს საღათას ძილით, ვიღაც ძილბურანს მისცემია და ვიღაცა გუშაგობას ფიქრით. დროსა და სივრცეში აცდენილებს საერთო აქვთ მხოლოდ ქვეყანა. ესე იგი, აქვთ საბაბიც და აქვთ მიზეზიც, საიმისოდ, რომ ერთმანეთს ესროლონ ტყვია... ესვრიან კიდეც ქაღალდის "ტყვიებს", მაკულატურის "ომიც" ჩაღდება...
ერთნი ფიქრობენ, რომ ქვეყანა გვენგრევა თავზე და ყველა ზარმა ქვეყნის თავზე უნდა დარეკოს. მეორენი მიწაზევე აგვარებენ ბიწიერ ამბებს, კაცი _ ქალისას, ქალი _ კაცისას და სუყველა _ ეშმაკის საქმეს. თავისუფლება მორალის და ზნეობის მიღმა, თუ აქამდე მხოლოდ გიჟს ჰქონდა, ახლა მათაც აქვთ და ქარიშხალიც, აქნობამდის "ჭიქში" მყოფი, მეძავ ქალზე დიდი სიბილწით და სითამამით ქუჩებში დადის! თუ შეგეფეთა, ან შეეფეთე "ქაღალდის" ტყვისა ჩაანაცვლებს "ტალახის" ტყვია და ისევ ისვრი... ომი ჩაღდება ქაღალდის ტყვიის, ტალახის ტყვიის და თუ საბრძოლო "არსენალი" აქაც არ გეყო, ხელს ქვას დაავლებ და ალბათ ჯვარსაც...
* * *
აურზაური არაფრის გამო უკვე აღარ ჰგავს ომს არაფრისთვის... აღარ ჰგავს რადგან "არაფერმა" მოინდომა ყველაფრის შთანთქმა და არაფრად გამოცხადება!..
არაფერია თურმე ენა, არარაა თურმე მამულიც... არაფრია თურმე ზნეობა, სინდისი... და ქრისტეც თურმე ვერ იქნება ვინმეს "ცენზორი", ვინმე ცვედანის, საჭურისის ანდა სოდომის... ვერ იქნება და იცით რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ ისურვა ასე. იმ "ვიღაცას" ვიღაცა აჰყვა, დაუკრა კვერი, დაუკრა ტაშიც და საპასუხოდ თუკი მოჰყვა სახეზე სილა, ან თუნდაც მუშტი, კანონის ძალით ციხის კარი ისე იღება, კითხვას ვერ ასრწრებ და პასუხიც არ გეღირსება.
ჩვენ მუდამ განვსჯით შედეგის შედეგს, ხოლო მიზეზი, თავი და თავი, კვლავ გაღმით გვრჩება. გინდა იმრუშო? ნება შენია, იმრუშე შენთვის. ტვინი გაგერყვნა? მის ბინძურ ნაჟურს ხატს ნუ შეახებ. სულის წაწყმედა გირჩევნია სულის სიწმინდეს? ნება აქაც შენია არის და წაიწყმიდე, ოღონდაც სხვის სულს ნუ შეუსევ შენს ეშმაკ-ქაჯებს, დე შენთან დარჩნენ, თუკი ქრისტეს მათ ანაცვალებ...
მიზეზი და მიზეზთ მიზეზიც სწორედ ეს არის, რომ ჩვენ საზღვრები ვერ დავუწესეთ ვერც საკუთარ თავს და ვერც იმათ, "გამოხატვის თავისუფლებას" რომ ქადაგებენ. ის "გამოხატავს" სწორედ იმას, რაც ჩემს უფლებას და ჩემს უფალს ართმევს უფლებას!
როცა გართმევენ, თანაც საკუთარს, თანაც სანუკვარს, გონით თუ არა, ინსტინქტით იბრძვი! ინსტიქტით ბრძოლა ძალაზე გადის, სილის გაწნაზე, გადადის მუშტზედაც. მერე ვიღაცას გაუჩნდება საკმარი გონი საიმისოდ, რომ შენი ინსტინქტით თვითგადარჩენის, თავად გადარჩეს და ცოდვები ჩამოირეცხოს. შეგრცხვება ბრძოლა მასთან ერთად ქრისტეს სახელით და განზე დგები.
ამასობაში იკარგება ძალზე მთავარი, ბრძოლა ქრისტესთვის ემსგავსება დიდ ავანსცენას, ვინ ვის უტევს და ვის რას აბრალებს ვეღარც კი არკვევ. სასოწარკვეთა გეუფლება როდესაც ხედავ _ აურზაური არაფრის გამო უკვე აღარ ჰგავს ომს არაფრისთვის და ქარიშხალიც, "დამწყვდეული" მინის ჭიქაში, გადმოედინა და გულს კი არა, "ქვებსაც" კი ხეთქავს...
* * *
აქ ქარიშხლების "დამზადებას" ჰყავს "ტექნოლოგი", რომელმაც იცის, როგორ შეფუთოს ყველაფერი არაფრის დარად. ერთნი გეგმავენ, მეორენი ახორციელებენ, მესამები გზადაგზა უერთდებიან... "არაფერს" მომზადება სჭირდება, მომზადება და დამზადება, ქარიშხალს მით უფრო... აურზაური თუ ვერ შედგა, ქარიშხალი შედგება. ქარიშხალმაც თუ ჩაიქროლა, ისევ აურზაური ჩამოივლის...
მოხალისეც ბევრი გვყავს, ბრმად გამყოლიც და ამ სახიფათო "თამაშებში" შეგნებულად და გააზრებულად ჩართულებიც:
ოპოზიცია, იმის შიშით, რომ ტრიბუნა არ დაკარგოს, მედიას "იცავს". მედია, იმის შიშით, რომ სარჩო არ დაკარგოს _ "ხელისუფლებას". ხელისუფლება იმის შიშით, რომ გავლენა არ დაკარგოს _ სექსულაურ უმცირესობებს. სექსუალური და რელიგიური უმციროსებობი კი იმის შიშით, რომ მუდმივად უმცირესობაში არ დარჩნენ, "ადამიანთა უფლებებს იცავენ"...
მოკლედ, "ჟანგმა თოფი, თოფმა მგელი, მგელმა თხა" და სუყველამ ერთად კი საქართველო და ქართული მიწა "შეჭამა"! ახლა მართმადიდებლობისა და ქრისტეს "ჯერია"!!!
* * *
აურზაური არაფრის გამო, ყველაფრის გამო და ყველას ჩათვლით აღარ სრულდება... ნუგეშად გრჩება მხოლოდ იმედი, რომ მწყემსმთავარი დუმილს დაარღვევს, რაღაცას გეტყვის, თუნდაც არაკად მიგანიშნებს საით წახვიდე. სულსწრაფი ხარ, როგორც ყველა ძეხორციელი და აქა-იქ, მცირედ მორწმუნეს, საყვედურიც კი წამოგცდება...
საიდან მოდის სიყვარული, ვერ დავადგინე, ვერ სიძულვილს დავუდგინე დრო და ადგილი... ალბათ, იმიტომ რომ ყველგან არის, არის ყოველთვის. მაშინაც არის, როცა გგონია, რომ სიძულვილმა ხელი დაგრია და მდოგვის მარცვლის ოდენობის სიყვარულიც კი აღარ შეგრჩა.
გინდა შეგეძლოს მტერის სიყვარული, საკუთრის შენის, მაგრამ სამშობლოს და ქრისტეს მტერს თუ შეიყვარებ, როგორ იბრძოლებ ან ქრისტესთვის, ან სამშობლოსთვის?! და თუ ქრისტესვის არ იბრძოლებ, არც სამშობლოსთვის, საკუთრივ შენთვის "ბრძოლას" უკვე ბრძოლა არ ჰქვია, არც ყოფნა ჰქვია!
გინდა ამაღლდე, ქრისტეს მცნება გაგიჯდეს ისე, რომ ალეწილი მარცხენა ლოყა მარჯვენით ცვალო, მაგრამ მუდმივად სილის გაწვნის ნაჩვევი კაცი მონაა უკვე, ქრისტეს არა, იმათ მონაა, ვისაც მოყვასის და არც ქრისტეს სიყვარული არ შეუძლია!
გინდა სიმშვიდე მოიპოვო, თანაც ისეთი, რომ "ათასები ცხონდნენ გარშემო", მაგრამ ვერ აღწევ, ეშმაკ-ქაჯების ბუკს და ნაღარსა ვერაფრით ახშობ, ყელში ნაჩხერი ბოღმა ღვარძლად ამონთხევას გთხოვს, დამუშტულ ხელებს მაჯა უკვე ვერ იმორჩილებს და ექსტრემისტად, ან ტერორისტად "გნათლავს" სამყარო!
"გაგემიჯნება" უცილობლად სწორედ ის კაცი, ვინც პირველი გაწვა ქუჩაში და მუშტს იქნევდა უფლებების სადარაჯოზე; "გაგემიჯნება" სწორედ ის ხალხი, ვინც გუშინ თითქოს მზად იყო, შეჰკვდომოდა უსამართლობას; "გაგემიჯნება" ზუსტად ის ბრბო, სწორედაც რომ ბრბო, აღქმული ქვეყნის საძებნელად გზააბნეული რომ ხეტიალობს; "გაგემიჯნება" ფარისეველიც და ეკლესიას თავს შეაფარებს ისე, ვით მღრღნელი უწმინდურ სოროს; "გაგემიჯნება" პოლიტიკურ ექსტრემიზმის "ფუძემდებელიც" და "კონსტრუქციულ" დიალოგს გირჩევს; "გაგემიჯნება" მედიასაბჭოც, თვისუფალი სიტყვის "მეხოტბე" და ყველას ერთად, სუყველას ერთად დაავიწყდება მთავარი _ არ არსებობს უფლება მოვალეობის გარეშე!
ქრისტეს არ სცნობთ? მორალს არ სცნობთ? ზნეობას არ სცნობთ? ნება თქვენია, მაშინ თქვენივე დეკლარირებული დემოკრატიის პრინციპი სცანით _ ერთის თავისუფლება მთავრდება იქ, საიდანაც მეორეს თავისუფლება იწყება!
ჰოდა ყოველგვარი ექსტრემიზმის, ძალადობისა და ტერორის, ყოველგვარი ცრუ ლიბერალიზმის, ყალბი პათეთიკისა და ფარისევლობის გარეშე, ადამიანთათვის გასაგებ ენაზე გეუბნებით, თუკი, რასაკვირველია, ეს ენა ჯერ კიდევ გესმით და გასაგებია თქვენთვის _ შეჩერდით და შეაჩერეთ თქვენი ცხოვრების წესის, აღვირახსნილობისა და სიბილწის პროპაგანდა.
ამ "საზღვრის" იქით, ჩვენი _ ქართველი მართმადიდებლების _ სამშობლო იწყება!
"ჯი-ეიჩ-ენი", ელგა ფოლადიშვილი