ქართველები უკრაინაში ბრძოლის მოტივად სიყვარულს ასახელებენ

საქართველო, თბილისი - 2015-05-11 13:44:00

უკრაინის ქალაქ შიროკინოს ფრონტზე მყოფმა ქართველმა მეომრებმა უკრაინელი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლის თავიანთი მოტივები ახსნეს.

ამის შესახებ, სამხედრო ნაწილ ,,აზოვის” პრეს-ცენტრზე დაყრდნობით, ინტერნეტ-პორტალი ,,Joinfo.ua”იუწყება და დასტურად ვიდეოჩანაწერი მოჰყავს, სადაც ქართველი მებრძოლები უკრაინის მიმართ სიყვარულს გამოხატავენ.

,,ეს არამხოლოდ თქვენი, ჩვენი უკრაინაცაა. ეს ჩვენი მეორე სამშობლოა.” - ამბობენ უკრაინაში მებრძოლი ქართველები ვიდეოში.

ერთ-ერთი მოხალისე მეომარი აღნიშნავს, რომ ისინი უკრაინელების წინაშე ისტორიულ ვალს იხდიან.

,,უპირველესად, იმიტომ ვიბრძვით, რომ გვიყვარს უკრაინა და ამასთან, ჩვენ ვალს ვიხდით, მეგობრულ ვალს.” - ამბობს ის და 1992-93 წლებში საქართველო-რუსეთს შორის მიმდინარე კონფლიქტში ქართული შეიარაღებული ძალების მხარეს უკრაინელი მოხალისეების ბრძოლას იხსენებს.