პარლამენტის თავმჯდომარემ და პრემიერმა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მასპინძლობისთვის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს

საქართველო, თბილისი - 2015-05-06 12:43:00

თბილისში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მასპინძლობისთვის მიმდინარე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიაზე მიმდინარე საორგანიზაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელმა, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და კომისიის წევრებმა გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისთვის პარლამენტის ეზოში აშენდა 4 დროებითი ნაგებობა, სადაც განთავსდება მედიაცენტრი, ბრიფინგების ოთახი და საკონფერენციო დარბაზები. ყოველწლიური შეხვედრისთვის საჭირო ყველა სივრცე უზრუნველყოფილია უახლესი საკომუნიკაციო სისტემებით და საოფისე ინვენტარით. შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა აგრეთვე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეშიც.

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვევა.

EBRD-ის საერთაშორისო ფორუმს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები გააშუქებენ.