ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ქართველების დაზარალების, ან დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

საქართველო, თბილისი - 2015-04-26 12:25:00

ნეპალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ქართველების დაზარალების, ან დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც ,,რუსთავი-2”-თან საუბარში საქართველოს ელჩმა ინდოეთში, ტაილანდში, შრი-ლანკაში, ბანგლადეშსა და ნეპალში ლევან ნიჟარაძემ განაცხადა ამ დრომდე საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთვის არ მოუმართავთ.

,,საქართველოს მოქალაქეებს არ მოუმართავთ საქართველოს საელჩოსთვის. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ნეპალელ კოლეგებთან ერთად, მათთანაც არანაირი ინფორმაცია არ შესულა”, -აცხადებს ლევან ნიჟარაძე.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი მიწისძვრა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში გუშინ მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 7.9 მაგნიტუდას მიაღწია.

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 2000-ს აღწევს, ასევე დაშავებულია 4 ათასამდე ადამიანი.