სანდრა რულოვსმა მრავალეროვნულ სკოლაში გამოფენა დაათვალიერა

საქართველო, თბილისი - 2010-03-23 13:02:00


დღეს, საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა თბილისის №72-ე საჯარო სკოლაში სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეთა მონაწილეობით შექმნილი გამოფენა დაათვალიერეს.

"ჩვენ წარმოვადგენთ მრავალეროვან საქართველოს" კომპოზიციის ფარგლებში, გამოფენილი იყო სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეთა ნახატები, ნაქსოვები, ნაქარგები, ბიჟუტერია და ა.შ რომელიც ამა თუ იმ ეროვნების ტრადიციებს გამოხატავდა.

მოწვეული სტუმრებისთვის, მოსწავლეებმა რუსულ, ინგლისურ, ივრითულ, უკრაინულ, ბერძნულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე წაიკითხეს ლექსები და მხატვრული ნაწარმოებები, აგრეთვე ეროვნული ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.

როგორც ცნობილია, თბილისის 72-ე საჯარო სკოლა, სადაც 739 მოსწავლე სწავლობს მრავალეროვნული საგანმათლებლო დაწესებულებაა. სკოლის პრიორიტეტი სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეთა ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება, მოქალაქეობრივი შეგნების ჩამოყალიბება და ქვეყნის წარსულისადმი, მისი ისტორიისადმი და კულტურული ტრადიციებისადმი პატივისცემის გრძნობის გაღვივებაა. სკოლა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებთან და დიასპორებთან.