თავდაცვის სამინისტროს 48 თანამშრომელი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ემიჯნება
ერთობლივ განცხადებას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების ერთგულნი რჩებიან.
"ჩვენი, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების, უმთავრესი მოვალეობა არის სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე ზრუნვა და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მრავალი წელი წარმატებით ემსახურება ქვეყნის ეროვნული ინტერესების აღსრულებას, ერთი მხრივ - თავდაცვის ძალების აღმშენებლობით, ხოლო მეორე მხრივ - საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობით.
სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცებისა და სუვერენიტეტის გამყარების უალტერნატივო გზა, ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი, რაც განმტკიცებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ეროვნული და უწყებრივი დონის ყველა კონცეპტუალური დოკუმენტით.
ვაცნობიერებთ რა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და დასავლელი პარტნიორების წვლილს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების განვითარების პროცესში, ერთგული ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებისა.
ვემსახურებით საქართველოს!", - ვკითხულობთ განცხადებაში.