მოძრაობამ "სამართლიანი საქართველოსთვის" სამაუწყებლო კომპანია "ტელეარხ 25"-ის მხარდასაჭერად ბათუმში დღეს მანიფესტაცია გამართა.
აქციაში მოძრაობის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმაც მიიღო მონაწილეობა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს, საპროტესტო მსვლეობას სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ: ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობასთან ერთად, "ტელეარხ 25"-ის დასაცავად, ქუჩაში ნინო ბურჯანაძის, ეკა ბესელიას, შალვა ნათელაშვილის, კობა დავითაშვილის თანაპარტიელები, "ეროვნული ფორუმის", კონსერვატიული პარტიის, "მრეწველების", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" და ირაკლი ალასანიას "ალიანსში" შემავალი პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები, ასევე არასამთვარობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები გამოვიდნენ.
აქცია სამაუწყებლო კომპანიის შენობიდან დაიწყო, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გაგრძელდა და საგადასახადო ინსპექციასთან დასრულდა. მსველობის დროს, მისი მონაწილეები ქუჩებში პლაკეტებსა და "სტიკერებს" აკრავდნენ.
საყოველთაო პროტესტის მიზეზი ხელისუფლების გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, ტელეარხის ქონებას აუქციონზე გასაყიდად ამზადებენ.
ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის ლიდერის განცხადებით, 23 ოქტომბერს აჭარაში, ტელეკომპანიის მხარდასაჭერად, კიდევ ერთი ფართომაშტაბიანი მიტინგი მოეწყობა. 23 ოქტომბრის საპროტესტო აქციას ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების შტაბი გაუწევს ორგანიზებას.