უკრაინის ძალებს ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიმანის გარშემო და ხერსონის ოლქში მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ. ამის შესახებ „ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი“(ISW) იტყობინება.
ამასთან, ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფრონტის ამ რაიონებში დამარცხებული რუსული დანაყოფები მანამდე რუსეთის არმიაში ერთ-ერთ საუკეთესო დანაყოფებად მიიჩნეოდნენ. საუბარია ლიმანის შემთხვევაში რუსეთის გვარდიის 141-ე მოტორიზებულ პოლკზე, ხოლო ხერსონის ოლქის შემთხვევაში – 76-ე საჰაერო-სადესანტო პოლკზე.
ანალიტიკური ცენტრი უკრაინულ და რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინულმა ჯარებმა მნიშვნელოვან გარღვევებს მიაღწიეს ჩრდილოეთ ხერსონის ოლქში. ყოველდღიურ მიმოხილვაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინული ჯარები აგრძელებენ ლიმანის აღმოსავლეთით დარტყმას და შესაძლოა გაარღვიეს ლუგანსკის ოლქის საზღვარი კრემინას მიმართულებით.
ანალიტიკური ცენტრის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებებით პუტინი ცდილობს ხარკოვის რეგიონში რუსი სამხედროების ბოლო წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალოს.
ISW-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთ სამხედრო ოლქში ახალი მეთაური დაინიშნა - გენერალ-ლეიტენანტი რომან ბერდნიკოვი, რომელმაც ამ თანამდებობაზე ალექსანდრე ჟურავლევი შეცვალა.
ISW აღნიშნავს, რომ ამ გზით პუტინი შესაძლოა ცდილობდეს, რომ პასუხისმგებლობა რუსეთის მომავალ დანაკარგებზე ხარკოვსა და შესაძლოა ლუგანსკის რაიონებში ახლად დანიშნულ ბერდნიკოვზე გადაიტანოს.