რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი მსახიობ ბესო ზანგურის მიმართ ოჯახში ძალადობის ბრალდებას ეხმიანება და აცხადებს, რომ წლების წინ თავადააც იყო მომსწრე, თუ როგორ უსწორდებოდა ფიზიკურად ზანგური თავის შეყვარებულ გოგოს.
"დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! თეატრალურ უნივერსიტეტში, ბევრი წლის წინ ჩემი თვალით ვნახე, ვნახე ბესო ზანგური როგორ სცემდა (თავისივე შეყვარებულ) გოგოს. სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ! საკმაოდ რთულად და დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან! იმედი მაქვს, სხვა თეატრები და თეატრალები მაინც ილაპარაკებენ ძალადობაზე, ილაპარაკებენ ადეკვატურად და საღად! "დაგმობა" ცოტაა! დაცინვას უფრო ჰგავს ეგ", - წერს ელენე მაცხონაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, ოჯახში ძალადობაში დაადანაშაულა.
ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელი ძალადობის ფაქტების შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ფარულ კონვერტში" ისაუბრა.
"არ მახსოვს, პირველად რა მიზეზით მცემა, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა მისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსული. მცემა. ძალიან. ამ ყველაფერს მერე მოსდევდა ხოლმე ბოდიშების და საჩუქრების კორიანტელი, რომელიც მე არაფერში მჭირდებოდა. არასდროს მილაპარაკია ამ თემაზე, მიუხედავად ძალიან დიდი ინტერესისა ამ თემის მიმართ, რადგან ვთვლიდი, რომ მაშინ არ იყო სწორი დრო და სწორი მომენტი. ახლა ძალიან დიდი დრო გავიდა, მე გავიზარდე, გადავლახე ეს ყველაფერი და ახლა უფრო მარტივია ამ ყველაფერზე ლაპარაკი, ვიდრე მაშინ", - თქვა მაყაშვილმა.
რუსთაველის თეატრი მოკლე განცხადებით გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ "რუსთაველის თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის, ოჯახურ ძალადობას".