დიდ ბრიტანეთში, სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი 39 ცხედარი ჩინეთის მოქალაქეებს ეკუთვნოდათ. ამის შესახებ ტელეარხი ITV საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ესექსის საგრაფოს პოლიციამ გუშინ დილით სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი აღმოაჩინა. სატვირთო დიდ ბრიტანეთში სავარაუდოდ, ბულგარეთიდან ჩავიდა. დაკავებულია ავტომობილის მძღოლი 25 წლის ჩრდილოეთ ირლანდიელი.
დაღუპულთა შორის ერთი მოზარდია. სატვირთო, ბულგარეთშია რეგისტრირებული.
დადგენილია, რომ სატვირთო დიდ ბრიტანეთში კვირას ჩავიდა.
"ადამიანებით ვაჭრობა - უზნეო და საშიში ბიზნესია", - დაწერა მიკრობლოგ "ტვიტერზე" ესექსის პარლამენეტის წევრმა ჯეკი დოილ-პრაისმა და იმედი გამოთქვა, რომ მკვლელებს იპოვიან და მართლმსაჯულებას გადასცემენ.
პოლიცია მომხდარის ვერსიებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა განაცხადა, რომ მომხდარი ტრაგედიის გამო შოკირებულია. ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა ბრიტნეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა.