ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთზე დაკისრებულ სანქციებში საქართველოს საკითხის მოხვედრის ინიციატივაზე ქართული ოცნების ლიდერთა აგრესიულ თავდასხმებს ევროპული საქართველო კიდევ ერთხელ ეხმაურება.
„საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის აქტუალიზაციის წინააღმდეგ ასეთი გალაშქრება ადასტურებს რომ ქართული ოცნებამ საბოლოოდ უარი თქვა ოკუპანტ სახელმწიფოზე რაიმე ქმედით საერთაშორისო ზეწოლაზე, რაც რუსეთის აგრესიის შეკავების ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტია“ განაცხადა დადგენილების ერთ-ერთმა ინიციატორმა გიორგი კანდელაკმა.
დღეს გვსურს ყურადღება გავამახვილოთ დადგენილების პროექტის მესამე პუნქტზე რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასავლური კორპორაციების მიერ (როგორიცაა AirBNB da booking. com) ჩვენი მოქალაქეებისთვის ოკუპანტების მიერ წართმეული უძრავი ქონების გაქირავების საკითხს ეხება. დადგენილების პროექტი ავალებს მთავრობას იმუშაოს შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან რათა აღნიშნული და მსგავსი პროფილის სხვა დასავლური კომპანიების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობა აღიკვეთოს იმისათვის რომ არ მოხდეს ჩვენი დევნილებისთვის უძრავი ქონების წართმევის ერთგვარი დაკანონება. დევნილთა საკუთრების უფლებების ასეთი უხეში უგულვებელყოფა მთავრობის მხრიდან მათი დაბრუნების უფლებაზე დე ფაქტო ხელის აღების ტოლფასია. ამავე დროს, სრული აბსურდია რუსეთის საპასუხო სანქციების შიშის თესვა რადგან ამ შემთხვევაში საუბარია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასავლური კოპანიების საქმიანობის აღკვეთაზე დასავლეთისვე სახელმწიფოების მიერ
როგორც საზოგადოებას მოეხსენება, დადგენილების პროექტი პარლამენტს სთავაზობს მთავრობას სამ პრიორიტეტზე მუშაობა დაავალოს:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში; 2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას; 3. ევროპის კავშირმა და აშშ-მ სანქციების შემოღებას ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე»,- ნათქვამია დადგენილების პროექტში.