ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 68 პროცენტი მიიჩნევს, რომ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა, 22 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ აქციის დასაშლელად სათანადო ძალა გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ 20 ივნისის აქციის შესახებ გამოკითხულთა 92%-ს სმენია. სწორედ ამ 92%-მა უპასუხა შეკითხვას ძალის გამოყენების შესახებ.
43 % აქციის დაშლისას ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. იმ დროინდელ შინაგან საქმეთა მინინისტრს გიორგი გახარიას კი ძალადობაზე პასუხისმგებლად 9% მიიჩნევს.
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), მასში 2 131 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება არის 1, 7 %.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
ფოტო: ტბელ აბუსერიძე