ბათუმის ბულვარში მდებარე „რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ძველი სახით აღდგენილი კაფე „ფანტაზია“ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერეს.
„რვაფეხას“ რეაბილიტაცია ფონდი «ქართუს» მიერ განხორციელდა. კაფე „ფანტაზიას“ („რვაფეხას“) მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო. რვაფეხას რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა.
კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.
„რვაფეხას“ შეუნარჩუნდა ძველი იერსახე. რეაბილიტაციის ფარგლებში ხელახლა დამზადდა ფიგურები. ნაგებობის წყლისგან დაცვისთვის საიზოლაციო სამუშაოები ჩატარდა და მოეწყო მოზაიკა.
სამუშაოების ფარგლებში, ძველი, დაზიანებული იატაკი, თავდაპირველად არსებული დეკორატიული იატაკით შეიცვალა. მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგა შადრევანი და მოეწყო მისასვლელი ბილიკები.