მეტროსადგურ "წერეთელის" მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა

საქართველო, თბილისი - 2009-10-24 15:11:00

 ხვალ, 25 ოქტომბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, თბილისში, მეტროსადგურ "წერეთელის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მოეწყობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა "თბილისობა 2009". გამოფენა ჩატარდება პროექტის "ფერმერები და ბაზარი" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის _ "CARE საერთაშორისო კავკასიაში" _ მიერ. სამწლიანი პროექტი ინიცირებული და დაფინანსებულია BP-ისა და მისი პარტნიორების მიერ, როგორც ერთიანი საზოგადოებრივი ინვესტირების პროგრამის ნაწილი.

"გამოფენა-გაყიდვის მიზანია ადგილობრივი ფერმერების დახმარება მათ მიერ წარმოებული პროდუქციის გასაღების ბაზრის გაფართოებაში. "თბილისობა 2009"-ს დაესწრებიან აგროსამრეწველო სექტორში მოქმედი ძირითადი ბიზნესორგანიზაციები, ასევე კვების სფეროში მოქმედი სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის ადგილობრივ მწარმოებლებთან დამყარებენ უშუალო კავშირებს და მოახდენენ მათი პროდუქციის ბითუმად შეისყიდვას", - განაცხადა პროექტის "ფერმერები და ბაზარი" მენეჯერმა გიორგი ზაქაიძემ.

მისი განცხადებით, პროექტის _ "ფერმერები და ბაზარი" _ მიზანია "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გასწვრივ მდებარე თემებში მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება სასოფლო-სამეურნეო მომსახურების და ბაზრის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით".