რაც შეეხება ვალდებულებებს, საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის, მთლიანმა ვალდებულებებმა 21.2 მლრდ აშშ დოლარი (35.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2.6 მლრდ აშშ დოლარით (4.3 მლრდ ლარით) აღემატება. პირდაპირი ინვესტორებისადმი ვალდებულებები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.7 პროცენტით გაიზარდა და 10.4 მლრდ აშშ დოლარს (17.2 მლრდ ლარს) გაუტოლდა. პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებები ერთი წლის განმავლობაში 83.7 პროცენტით გაიზარდა და 2.3 მლრდ აშშ დოლარი (3.8 მლრდ ლარი) შეადგინა. აქედან, 656.0 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) - სამთავრობო ევრობონდებია, 620.8 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი)-საქართველოს რკინიგზის ობლიგაციები, ხოლო 262.7 მლნ აშშ დოლარი (435.1 მლნ ლარი) - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციები. აქ ასევე შედის სახაზინო ვალდებულებები და სახელმწიფო ობლიგაციები, რომელიც არარეზიდენტებმა შეიძინეს, სულ - 122.1 მლნ აშშ დოლარი (202.3 მლნ ლარი).
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სხვა ინვესტიციები, საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, 9.3 პროცენტით გაიზარდა და 8.5 მლრდ აშშ დოლარი (14.2 მლრდ ლარი) შეადგინა. მასში 6.7 მლრდ აშშ დოლარი (11.2 მლრდ ლარი) სესხებს უჭირავს. ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები 2012 წლის დეკემბრის ბოლოსთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.3 პროცენტით შემცირდა და 360.3 მლნ აშშ დოლარი (597.0 მლნ ლარი) შეადგინა. სამთავრობო სექტორის სასესხო ვალდებულებები 12.9 პროცენტით გაიზარდა, ძირითადად გრძელვადიანი ვალდებულებების ზრდის ხარჯზე. წლიურად 16.8 პროცენტით არის გაზრდილი სხვა სექტორების სასესხო ვალდებულებები და 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 1.6 მლრდ აშშ დოლარს (2.4 მლრდ ლარს) უტოლდება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები 6.9 პროცენტით არის შემცირებული და 2012 წლის დეკემბრის ბოლოს 1.4 მლრდ აშშ დოლარს (2.3 მლრდ ლარი) გაუტოლდა. აღნიშნული შემცირება ძირითადად განპირობებული იყო საბანკო სექტორის მოკლევადიანი ვალდებულებების კლებით. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით 50.8 პროცენტით გაიზარდა და 770.6 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი) შეადგინა.
2012 წლის დეკემბრის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სხვა გრძელვადიანმა ვალდებულებებმა 221.3 მლნ აშშ დოლარი (366.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც განაწილებულ ნასესხობის სპეციალურ უფლებებს წარმოადგენს.