საფინანსო შეთანხმებით განსაზღვრული 40 მილიონი ევროდან 18 მილიონი ევრო პირდაპირ მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც საქართველო სამ ტრანშად მიიღებს, ხოლო 22 მილიონი ევრო მოხმარდება სოფლის მეურნეობის სფეროში მცირე საგრანტო პროექტებისა და ექსპერტული დახმარების პროგრამების განხორციელებას, ასევე, პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგს, აუდიტსა და განხორციელებული რეფორმების შეფასებას.
როგორც ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა ,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება და მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან ისეთი პრიორიტეტული დარგისათვის, როგორიცაა სოფლის მეურნეობა. სოფლის მეურნეობა, აგრარული სექტორი საქართველოს ხელისუფლებისათვის იმთავითვე, პირველივე დღიდან იყო ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული. ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა ევროკავშირთან მოლაპარაკებები. ეს დარგი და ეს მიმართულება დარჩება, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისათვის. ამიტომ ამ სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო,რომ ჩვენ მივიღეთ ეს შეთანხმება."
თავის მხრივ ფილიპ დიმიტროვმა ისაუბრა ხელშეკრულების მზადების პროცესსა და მის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ „ეს არის ყველაზე დიდი დახმარება, რომელიც კონკრეტულ, ცალკეულ სექტორზე გამოიყო ევროკავშირის მიერ".