პარტიებმა კანდიდატურები და პარტიული სიები ცესკო-ს 1-ელ სექტემბრამდე უნდა წარუდგინონ

საქართველო, თბილისი - 2012-08-01 18:29:00

არჩევნებში მონაწილე პარტიებმა მაჟორიტარი კანდიდატები და პარტიული სიები არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღის ვადაში უნდა წარადგინონ.

"საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა.

საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს დაინიშნა, შესაბამისად, კანდიდატურები და პარტიული სიები პარტიებმა ცესკო-ს 1-ელ სექტემბრამდე უნდა წარუდგინონ.

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს და ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.

თითოეულ ოლქში თითოეულ პარტიას, ბლოკსა თუ საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვთ წარადგინონ თითო-თოთო კანდიდატი. ასევე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი.

პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 57-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები. ჯგუფმა ხელმოწერები არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა უნდა წარადგინოს.

არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტია/საარჩევნო ბლოკი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა.

ასევე, პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი, რომელსაც რეგისტრაციისთვის, ნარკოლოგიური დასკვნის წარდგენაც მოუწევს.