„მაინც და მაინც უამინდობის დროს გადახადეს სახლებს სახურავი. ვთხოვეთ, კარგი ამინდი რომ იქნება მაშინ გადახადეთო, მაგრამ არ მოგვისმინეს, ასეთი ბრძანება გვაქვსო. სამი კვირის წინ მოხსნეს სახურავი, იმის შემდეგ სულ წვიმაში ვართ. ლოგინები, ავეჯი, პარკეტი, ყველაფერი გაგვიფუჭდა. გუშინ ღამე საშინელი თავსხმა წვიმა იყო და წყლის გადაღვრას ვეღარ ავუდიოდით. თუ ზარალს არ ამინაზღაურებენ, აუცილებლად ვიჩივლებ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ - ერთმა დაზარალებულმა ლია ზუროშვილმა.
„აღდგომის აქეთ ამ დღეში ვართ. 3 ღამე არ მძინებია. ჭერიდან ჩემოსულ წყალს ტაშტებით ვღვრი. აღდგომის შემდეგ წვიმები როგორც დაიწყო, მაინც და მაინც მაშინ გადახადეს სახურავი. უფროსობა დადის ხოლმე აქ, 30 კაცი. ვეხვეწები, აბა აქ შემოდით, რა დღეში ვართ მეთქი, მაგრამ ყურადღებას არ გვაქცევენ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაზარალებულმა თამარ აფციაურმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის არაერთი მცდელობის მიუხედავად, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საკრებულოსა და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.