საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის ქარტიას ხელი 9 იანვარს მოეწერება

საქართველო, თბილისი - 2009-01-05 10:03:00

საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის ქარტიას ხელი 9 იანვარს მოეწერება

საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას ხელი ამ კვირაში ვაშინგტონში მოეწერება. “ჯი-ეიჩ-ენს” ეს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეთანხმებას ხელი 9 იანვარს, მოეწერება და მას ხელს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მოაწერენ, რომელიც ვაშინგტონში უახლოეს ხანში გაემგზავრება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩოშიც ადასტურებენ.

საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჯონ ტეფტის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ვითარების უკიდურესად გართულების გამო, შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც 4 იანვარს უნდა გამართულიყო, რამდენიმე დღით გადაიდო. ქარტიაზე ხელმოსაწერად აშშ-ში უკვე გაემგზავრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.

ქარტიის ხელმოწერის მიზანი საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების შემდგომი გამყარებაა.