ანგარიშში გაანალიზებულია იმ პარტიების წლიური შემოსავლები და ხარჯთაღრიცხვა, რომლებმაც 2010 წლის 30 მაისის არჩევნების შედეგად გადალახეს ბარიერი და მოიპოვეს მანდატები. კვლევა ეყრდნობა 2007-2010 წლების მონაცემებს და დეტალურად აღწერს, რა ოდენობის თანხების მოზიდვა შეძლეს პარტიებმა არჩევნების დროს და არჩევნებს შორის პერიოდში; რა წყაროებიდან ფინანსდებოდა პარტიები; როგორ დაიხარჯა აღნიშნული თანხები; რამდენად კანონიერი იყო ამ თანხების მოზიდვა და ხარჯვა.
კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოში პარტიათა დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა გაუმჯობესებას საჭიროებს. რ არსებობს ორგანო, რომელიც გააკონტროლებს პარტიების დაფინანსების კანონთან შესაბამისობის საკითხებს; არ არის დადგენილი, ვისი კომპეტენციაა პარტიების მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული საფინანსო დეკლარაციების შემოწმება; არ არსებობს პარტიათა ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების ერთიანი ფორმა; არ არის განსაზღვრული, რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ პოლიტიკურ პარტიებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფინანსურ ანგარიშებს არასრულად ან ხარვეზებით წარადგენენ.