ჰიბრიდული ჯიშის ვაზის გაჩეხვაში კომპენსირების მოთხოვნით თელავის გამგეობას 62-მა მევენახემ მიმართა

საქართველო, თბილისი - 2009-12-08 15:18:00

ჰიბრიდული ჯიშის ვაზის გაჩეხვის სანაცვლოდ, კომპენსაციის გადახდის მოთხოვნით, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას უკვე 62-მა მევენახემ მიმართა. 

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა განუცხადა, გამგეობაში შესული განცხადებები სულ 17 ჰა ვენახს მოიცავს.

`ბევრი განცხადებები იმიტომ არ გვაქვს, რომ ჰიბრიდული ჯიშის ვაზის აჩეხვის პროგრამა თელავის რაიონში ცოტა ხნის წინ დაიწყო. ამ სიახლეს მევენახეები სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა, ვიცი, რომ მომავალ წელს 100 ჰა-ს გადავაცილებთ~, - განაცხადა გამგებელმა.

ჰიბრიდული ჯიშის ვაზის გასაჩეხად 1 ჰა ვენახზე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ 1000 ლარს მევენახეები არასაკმარისად მიიჩნევენ. მათი თქმით, თუ მთავრობის მიზანს მართლაც ჰიბრიდული ჯიშის ვაზის სხვა კულტურული ჯიშებით ჩანაცვლება წარმოადგენს, ამ თანხით ახალი ვენახის გაშენება შეუძლებელია.