ულტრამემარჯვენე შეთქმულების თეორიებისა და რასიზმის გამო, აღარ განვათავსებთ პოსტებს X-ზე - Guardian

საქართველო, თბილისი - 2024-11-13 16:38:00

ბრიტანული გამოცემა, Guardian აღარ განათავსებს პოსტებს ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე.

„დიდი ხანია, ჩვენ ამაზე ვფიქრობდით, აღნიშნულ პლატფორმაზე შემაშფოთებელი კონტენტის, მათ შორის ულტრამემარჯვენე შეთქმულების თეორიებისა და რასიზმის პოპულარიზაციისა და არსებობის გამო“, – ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიამ მხოლოდ ხაზი გაუსვა იმას, რაზეც დიდი ხანია, ვფიქრობდით, რომ X არის ტოქსიკური მედიაპლატფორმა და მისი მფლობელი ილონ მასკი იყენებს თავის გავლენას პოლიტიკური დისკურსის ფორმირებისთვის“, – წერია Guardian განცხადებაში.