მოლდოვასა და საქართველოში დემოკრატიაზე არაერთი თავდასხმა მოხდა - ემანუელ მაკრონი

საქართველო, თბილისი - 2024-11-07 17:28:00

საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გამოსვლისას საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთა კომენტარი.

ემანუელ მაკრონმა, დამკვირვებლების შეფასებებზე დაყრდნობით, ისაუბრა სერიოზულ დარღვევებზე, რომლებიც დაფიქსირდა საარჩევნო კამპანიის დროს და კენჭისყრის დღეს:

„დემოკრატიის ევროპული მოდელი ასევე არის [განხილვის] საკითხი.

მოლდოვასა და საქართველოში მოხდა არაერთი თავდასხმა [დემოკრატიაზე]: კიბერშეტევები, ამომრჩევლების მოსყიდვა, მანიპულირება. ეს ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა.

მინდა მივულოცო მაია სანდუს ხელახალი არჩევა და ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააძლიერებს თავის ევროპულ არჩევანს და თავის დემოკრატიულ მოდელს“, - განაცხადა მაკრონმა.

მანამდე ვაიმარის სამკუთხედის წარმომადგენლებმა (საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და პოლონეთის პრემიერი) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც გამოხატეს შეშფოთება საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესახებ.