კვენტინ ტარანტინოს ფილმების მთავარი ხმის დიზაინერი თბილისშია

საქართველო, თბილისი - 2022-09-29 11:52:00

1 ოქტომბერს, სასტუმრო „რუმსის“ გარდენ ჰოლში, გაიმართება კვენტინ ტარანტინოს ფილმების მთავარი ხმის დიზაინერის, უაილი სთეითმენის შეხვედრა ქართული კინოინდუსტურიის წარმომადგენლებთან და მოხსენებით გამოსვლა.

უაილი სთეითმენი თბილისში ხმის პოსტ-პროდუქციისა და მუსიკის კომპანია POSTRED-ის მოწვევით იმყოფება. ვიზიტი უკავშირდება კომპანიის მიერ, The USAID Industry-Led Skills Development Program-ის ფარგლებში დაარსებული POSTRED Academy-ს გახსნას, რომელიც სტუდენტებს შეასწავლის ხმის დიზაინსა და მუსიკას ვიზუალური მედიისთვის.

კვენტინ ტარანტინოს ფილმების გარდა, უაილი სთეითმენს უმუშავია ისეთ ლეგენდარულ ფილმებზე, როგორებიცაა: „მარტო სახლში“, „გეიშას მოგონებები“, „შრეკი“, „ალექსანდრე“ და მრავალი სხვა. მასთან მუშაობის გამოცდილება აქვს POSTRED-საც, კერძოდ HBO-ს სერიალ Euphoria-ზე. იგი გახლავთ კომპანია SOUNDELUX-ის დამფუძნებელი, რომლის პარტნიორიც POSTRED-ის დამფუძნებელი, ბესო კაჭარავა გახდა.

უაილი სთეითმენი ცხრაჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“ და მიღებული აქვს „ემის“ ჯილდო სერიალისთვის „დედოფლის გამბიტი“.

უაილი სთეითმენი ვიზიტის დროს შეხვდება საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორ, კახა სიხარულიძეს, USAID-ისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს, ასევე „აწარმოე საქართველოში“ დირექტორს. მისი სტუმრობის მიზანია, მხარი დაუჭიროს POSTRED-სა და POSTRED Academy-ს და განავითაროს აუდიო პოსტ-პროდუქციის სერვისების ბიზნესი საქართველოში.

POSTRED-ი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჰოლივუდშიც ცნობილი ხმის პოსტ-პროდუქციისა და მუსიკის კომპანიაა, რომელსაც უმუშავია შემდეგ პროექტებზე: Paramount Pictures-ის SCREAM, HBO-ს 16 „ემიზე“ ნომინირებული „ეიფორია“, A24-ის C’mon, C’mon ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით და ა.შ. ასევე, ქართულ ფილმებზე: ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“, დიტო ცინცაძის „შინდისი“ და სხვ.

სტუმრობის ფინანსური მხარდამჭერები არიან: USAID, აშშ-ს საელჩო საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

პარტნიორები:აჭარა ჯგუფი, D ბლოკი და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი.