ჯანმო-ს ინფორმაციით, იზრდება კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი

საქართველო, თბილისი - 2021-03-24 10:08:00

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული განახლებული ინფორმაციით, მეოთხე კვირაა კვლავ იზრდება კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი.

გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 3.3 მილიონამდე ახალი შემთხვევა აღრიცხეს, რაც წინა კვირასთან შედარებით, 8%-ით მეტია.

ორგანიზაციის ცნობით, გარდაცვალების მაჩვენებლის ექვსთვიანი კლების ტენდენციის შემდეგ,  ბოლო ერთ კვირაში მსოფლიოში COVID-19-ით გარდაიცვალა 60 400-ზე მეტი ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ 3%-ით არის გაზრდილი ვირუსის შედეგად გარდაცვალების რაოდენობა.

ახალი შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ევროპის და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონებში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების მაჩვენებლის 80% მოდის ევროპასა და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე.