ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ Johnson & Johnson-ის ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 2021-03-13 15:42:00

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ Johnson & Johnson-ის ვაქცინა საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის მიერ წარმოებული პრეპარატი კოვაქს პლატფორმაზეც განთავსდება, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ვაქცინების თანაბარი განაწილებისთვის შექმნა.

მანამდე, Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული ვაქცინა დაამტკიცა ევროპის მედიკამენტების სააგენტომ. ევროკავშირის მარეგულირებლის განცხადებით, ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია 18 წელს გადაცილებული ყველა ადამიანისთვის.

Johnson & Johnson-ის ვაქცინა აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 28 თებერვალს დაამტკიცა. ეს ვაქცინა "ფაიზერის" და "მოდერნას" ვაქცინებისგან იმით გამოირჩევა, რომ ის კოვიდ-19-ზე ერთდოზიან აცრას ითვალისწინებს, რაც მის ადმინისტრირებას გაცილებით აიოლებს. გარდა ამისა, ის უფრო იაფია და მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშიც არის შესაძლებელი.