ნოვავაქსის ვაქცინა 96%-ით ეფექტურია

საქართველო, თბილისი - 2021-03-12 10:29:00

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Novavax-ის მიერ წარმოებულმა ვაქცინამ კორონავირუსის თავდაპირველი ვარიანტის მიმართ 96%-იანი ეფექტურობა აჩვენა. იუწყება სააგენტო Reuters-ი კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

მათივე ცნობით, კლინიკური გამოცდის მესამე ფაზის შედეგების მიხედვით, ნოვავაქსის ვაქცინა ასევე ეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსის ბრიტანეთში აღმოჩენილი ვარიანტის მიმართ. ამ შემთხვევაში ვაქცინამ 86%-იანი ეფექტურობა გამოავლინა.

კვლევის მიხედვით, Covid-19-ით გამოწვეული გართულებების პრევენციის საქმეში კი ნოვავაქსის ვაქცინა 100%-ით ეფექტურია.

კლინიკურ გამოცდაში მონაწილეობა მიიღო 18-დან 84 წლამდე 15 000-ზე მეტმა მოხალისემ.

Novavax-ის პრეპარატის გამოცდა მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, მექსიკასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

იანვრის მიწურულს კვლევის ადრეული შედეგების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ ცდებში ნოვოვაქსმა 89.3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, ხოლო სამხრეთ აფრიკაში, სადაც COVID-19-ის განსაკუთრებული შტამი გავრცელდა, ვაქცინამ გამოცდის მეორე ფაზაში 49,4-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა.