ვროკავშირმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც "ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის" განვითარებას ეხება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მეორე ფაზის ფინანსირებაზე €233 მილიონი ევრო არის მითითებული. ამასთანავე პროექტში აღნიშნულია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მიმავალი სარკინიგზო და ავტომაგისტრალის მშენებლობაც, რაზეც 100 მილიონი ევრო არის მითითებული.
საკრედიტო დაფინანსება ევროკავშირის ახალი პროექტის "ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის" ფარგლებში მოხდება, რის შესახებაც ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში არის აღნიშნული. პროექტი აღმოსავლეთ სამეზობლოს 6 ქვეყანაში - უკრაინაში, მოლდოვაში, ბელორუსში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში უმთავრეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს. "ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის" ღირებულება 12.8 მილიარდი ევრო იქნება.
ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საინვესტიციო პაკეტში შედის 4800 კილომეტრის საგზაო მაგისტრალის აშენება, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება, 6 პორტის პროექტის განვითარება და 11 ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობა. პროექტების განვითარების ორი ფაზა არსებობს, მათი ნაწილი 2020 წლისთვის, ხოლო მეორე ნაწილი კი 2030 წლისთვის უნდა იყოს განხორციელებული. "ტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირის" ფარგლებში საქართველოში 10-ზე მეტი პროექტია გათვალისწინებული. ამ პროექტების ნაწილი ჯერ პროექტირების წინარე ფაზაში იმყოფება და მათ დაფინანსებაზე საბოლოო ხელშეკრულებები არ არის გაფორმებული.
საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული პროექტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით შემუშავდა.
აღნიშნული ინვესტიციები მოიცავს როგორც მოკლევადიანი პროექტების განხორციელებას 2020 წლისთვის, ასევე გრძელვადიან პროექტებს, რომელთა დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება.
ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ ტრანს-ევროპული სატრანსპორტო სისტემის საინვესტიციო სამოქმედო გეგმის დასრულება ერთობლივი ვალდებულებაა, უზრუნველყოს რეგიონის მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგები.