პელე 78 წლის გახდა. ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც მრავალი სპეციალისტის, ფეხბურთელისა და გულშემატკივრის მიერ მიჩნეულია მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად 1940 წლის 23 ოქტომბერს დაიბადა.
1999 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახელა „საუკუნის ფეხბურთელად“. იმავე წელს ფრანგულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა „France Football-მა“ საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხა ოქროს ბურთის მფლობელები; პირველ ადგილზე გავიდა პელე. 1999 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და სააგენტო „Reuters-მა“, ხოლო 2001 წელს გაზეთმა „L'Équipe-მა“ პელე საუკუნის სპორტსმენად დაასახელა. თავისი საფეხბურთო კარიერის დროს, ის ყველაზე მაღალ-ანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო.
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის თანახმად, პელე საუკეთესო საჩემპიონატო ბომბარდირია, 541 გატანილი ბურთით. სულ, მას 1281 გოლი აქვს გატანილი 1363 მატჩში. ფეხბურთში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, თავის მშობლიურ ბრაზილიაში, პელე ეროვნულ გმირად მიიჩნევა. აქტიურად მონაწილეობს სოციალური ვითარების გაუმჯობესების კამპანიებში (თავისი მე-1000 გოლი ბრაზილიის ღარიბ ბავშვებს მიუძღვნა). მოიხსენიებენ როგორც „შავ მარგალიტს“ (Pérola Negra), „ფეხბურთის მეფეს“ (O Rei do Futebol).
პელემ საფეხბურთო კლუბ სანტოსში თამაში 15 წლის ასაკში დაიწყო, ეროვნულ ნაკრებში 16 წლისა, ხოლო როდესაც თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონობა მოიგო, 17 წლის იყო. ევროპული კლუბებისაგან უამრავი შემოთავაზებების მიუხედავად, პელეს ბრაზილია არ დაუტოვია. 1961 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა ჟანიუ კუადროსმა ფეხბურთელი „ოფიციალურ ეროვნულ საგანძურად“ გამოაცხადა, რამაც სანტოსს საშუალება მისცა პელე 1974 წლამდე შეენარჩუნებინა. სანტოსთან ერთად, ფეხბურთელმა 1962 და 1963 წლებში ლიბერტადორესის თასი მოიგო, სამხრეთი ამერიკის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი.
სანახაობრივმა თამაშმა და გოლებმა პელე მსოფლიო ვარსკვლავად აქცია, რის გამოც სანტოსი მრავლად აწყობდა საერთაშორისო ტურნეებს. სათამაშო კარიერის დროს, ის ღრმა თავდამსხმელად თამაშობდა.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მონაწილეობს სხვადასხვა საფეხბურთო და კომერციულ ღონისძიებებში. 2010წელს დასახელდა ნიუ-იორკ კოსმოსის საპატიო პრეზიდენტად.