რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი 11:00 საათზე დაიწყება

საქართველო, თბილისი - 2010-05-25 19:23:00

26 მაისს, 11:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი დაიწყება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი განცხადებით, აღლუმს უმაღლესი მთავარსარდალი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაიბარებს.

20:30 საათზე მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე (დაბა ვაზიანი) დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართება. კონცერტზე ჯგუფი "33ა" სპეციალურად ქართული შეიარაღებული ძალებისთვის დაწერილ ახალ სიმღერას წარმოადგენს. საღამოს ჯარისკაცებისთვის "33ა-სთან" ერთად ჯგუფი "ფრანიც" იმღერებს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე დასწრების მსურველი მედიის წარმომადგენლები, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში გაიარეს აკრედიტაცია, 26 მაისს, დილის 8 საათზე სააკრედიტაციო ბარათების მისაღებად უნდა მივიდნენ - მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფილი "ა. ელბაქიძის დაღმართი"), "სამაიას ბაღის" პირდაპირ. მედიის აკრედიტებულმა წარმომადგენლებმა თან უნდა იქონიონ სამსახურეობრივი პრეს-ბარათი (ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა).