საქართველოს პროკურატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ვრცელი წერილით პასუხობს. პროკურატურის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ 2012 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს წამების, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსა და სხვა ძალადობრივ დანაშაულებს, 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის 01 იანვრამდე პერიოდში, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფებში გამოძიება დაიწყო 191 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა - 124 ყოფილი საჯარო მოხელის მიმართ, მათ შორის ისეთი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, როგორებიც არიან: შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე, შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, შს სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის უფროსი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი.
მოცემული საქმეებიდან, სასამართლოში განსახილველად წარიმართა 119 პირის მიმართ 40 სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა 81 პირის მიმართ 23 სისხლის სამართლის საქმეზე.
ამჟამად, 2012 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში ჩადენილ ცემა-წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სხვა ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით საგამოძიებო დანაყოფებში გამოძიება მიმდინარეობს 5 პირის, კერძოდ: დათა ახალაიას, გიორგი კალანდაძის, მეგის ქარდავას, რომან შამათავას და გიორგი სამუშიას მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით. (იხ. ბმული http://pog.gov.ge/geo/news?info_id=819 )
ჩატარებული გამოძიებისა და განხორციელებული სახელმწიფო ბრალდების შედეგად გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია 81 პირის მიმართ (დაახლოებით 300-მდე დანაშაულებრივ ეპიზოდზე), სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე.
2012-2015 წლების მუხლობრივი მონაცემი
2012 წლის 01 ოქტომბრამდე საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებზე გამოტანილი განაჩენების მიხედვით
|
საქართველოს სსკ-ის მუხლი |
რაოდენობა |
|
143-ე მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) |
20 |
|
1441-ე მუხლი (წამება) |
25 |
|
1443-ე მუხლი (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) |
43 |
|
109-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა დამამძ. გარემოებებში) |
4 |
|
137-138-ე მუხლები (გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება) |
10 |
|
332-ე მუხლი (სამსახ. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) |
4 |
|
333-ე მუხლი (სამსახ. უფლებამოსილების გადამეტება) |
17 |
მათ შორის გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია შემდეგ გახმაურებულ საქმეებზე:
რაც შეეხება უკანონო ფარულ ჩანაწერებზე დაწყებულ დევნასა და დამდგარ გამამტყუნებელ განაჩენებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, აღნიშნული გასაჯაროვებული იქნა საქართველოს მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ჯერ კიდევ, 2015 წლის 18 ოქტომბერს (იხ. ბმული http://pog.gov.ge/geo/news?info_id=779), კერძოდ:
ე.წ „კასრების“ საქმე - ჩატარებული გამოძიებითა და სასამართლო განხილვებით დადგინდა, რომ 2011 წელს ორ პიროვნებას, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მიიყვანეს ზუგდიდის რაიონის ტყეში არსებულ სპეციალურად მოწყობილ კონსპირაციულ მიწურში, სადაც შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთ. სამმართველოს უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ, ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა კოხტა კოდუამ, დავით ჩაგინავამ, თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კობა თოდუამ და თეიმურაზ უბირიამ არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად სასტიკად სცემეს, გააშიშვლეს, დააბეს მაგიდაზე და აწამეს. ამის შემდეგ აღნიშნული პირების ბოლომდე გატეხვის მიზნით მათზე განხორციელდა გაუკუღმართებული სქესობრივი კონტაქტი ძალადობით. ხსენებულ სასტიკ ძალადობრივ ქმედებებს ვიდეო კამერით იღებდა კოხტა კოდუა.
აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი თერთმეტი პირი, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ზ“და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას, წამებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას - ოთხ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას, ერთ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, სამ პირს განესაზღვრა 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას, ერთ პირს განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ორ პირთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ვინაიდან მათ აღიარეს ჩადენილი დანაშაული და არსებითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან, ასევე საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას გათვალისწინებული იყო ის გარემოება, რომ მათ შემხებლობა არ ჰქონიათ დაზარალებულების წამებასა და ძალადობრივ სქესობრივ დანაშაულთან. ამ ორ პირს სასჯელის ზომად 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ 2012 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში ჩადენილ სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს წამების, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსა და სხვა ძალადობრივ დანაშაულებს, 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის 01 იანვრამდე პერიოდში დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენებიდან საპროცესო შეთანხმება გაფორმებულია 20 პირთან, კერძოდ:
- 2013 წლის 17 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ერთ პირს განესაზღვრა 2 წელი პირობითი მსჯავრი;
- 2013 წლის 22 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ერთ პირს განესაზღვრა 1 წელი პირობითი მსჯავრი და დაეკისრა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით;
- 2013 წლის 14 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“,„დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ერთი პირი გათავისუფლდა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“,„დ“ „ე“ „ზ“ ქვეპუნქტებით, 1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის:
- 2 პირს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 6 თვის ვადით;
- 1 პირს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 2000 ლარი;
- 1 პირს განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 2000 ლარი;
- 2 პირს განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 6 თვის ვადით;
- 2 პირს განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 2000 ლარი;
- 2013 წლის 03 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ერთ პირს განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვის ვადით პირობითი მსჯავრი და დაეკისრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;
- 2014 წლის 6 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „ბ", „დ", „ე" და „ზ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 5 პირიდან:
- 1 პირს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 4 თვის ვადით, მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 4 წლის ვადით;
- 1 პირს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 4 წლის ვადით;
- 1 პირს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 8 თვის ვადით, მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 4 წლის ვადით;
- 2 პირს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, მათვე ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება 4 წლის ვადით;
- 2014 წლის 18 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ორ პირს სასჯელის სახედ განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვის ვადით;
- 2014 წლის 5 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით; 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ერთ პირს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 9 თვე ჩაეთვალა პირობით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.
დღეის მდგომარეობით სასამართლოში 17 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს არსებითი განხილვა, მათ შორის შემდეგ გახმაურებულ საქმეებზე:
- ვალერი გელაშვილის ცემის საქმე - ბრალდებულების ერეკლე კოდუას, გია სირაძის და ივანე მერაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (იხ. ბმული http://pog.gov.ge/geo/news?info_id=579);
- ა. გირგვლიანის საქმე - ბრალდებულ დათა ახალაიას მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე, 1443-ე, 332-ე, 333-ე და 341-ე მუხლებით (იხ. ბმული http://pog.gov.ge/geo/news?info_id=438);
- პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმე - ბრალდებული ბაჩანა ახალაიას მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25,138-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (იხ. ბმული http://pog.gov.ge/geo/news?info_id=507);
- რეინჯერ ცინდელიანის მკვლელობის საქმე - ბრალდებულ რომან შამათავას მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;
- მალხაზ არქანიას საქმე - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. თბილისის N8 დაწესებულებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავას მხრიდან, ასევე N8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსის ვიქტორ ყაჭეიშვილის, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის ოლეგ ფაცაციასა და N8 დაწესებულების სხვა თანამშრომლების მხრიდან, 2011 წელს პატიმარ მალხაზ არქანიას მიმართ ადგილი ჰქონდა სისტემატიურ ცემასა და წამებას, რათა მას ეღიარებინა ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის მიღება. ბრალდებულები: მეგის ქარდავა, ვიქტორ ყაჭეიშვილი და ოლეგ ფაცაცია - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები (იხ. ბმული http://pog.gov.ge/geo/news?info_id=251);
- ელდარ ქობალიას საქმე - 2011 წლის 04 აპრილს, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით დაკავებულნი და სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში მოთავსებულნი იქნენ ელდარ ქობალია და კობა მატკავა. საპყრობილეში შესახლების შემდეგ, N8-ე დაწესებულების იმჟამინდელი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე, ელდარ ქობალია 6 დღის მანძილზე განთავსებულ იქნა ე.წ. „ფუქსში“, რომელიც წარმოადგენდა პატიმართა საკანში განაწილებამდე მცირე დროით მოთავსების ოთახს. 2011 წლის 11 აპრილს, მე-8 დაწესებულებაში მივიდნენ გაგა მკურნალიძე და მეგის ქარდავა, რომელთა მითითებითაც დაწესებულების თანამშრომლებმა დირექტორის მოადგილის კაბინეტში აიყვანეს პატიმრები ელდარ ქობალია, კობა მატკავა და მერაბ ყოლბაია. მეგის ქარდავამ და გაგა მკურნალიძემ სხვადასხვა ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილეებად დასახელების მოთხოვნით, სასტიკად აწამეს ისინი. წამების შედეგად, ელდარ ქობალიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რის გამოც, ალექსანდრე მუხაძის ბრძანებით ე. ქობალია გადაყვანილი იქნა საკანში, სადაც ისე, რომ მისთვის სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ, იმავე დღეს გარდაიცვალა. ბრალდებულები: გაგა მკურნალიძე (საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები), მეგის ქარდავა (საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები), ალექსანდრე მუხაძე (საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი) (იხ. ბმული http://pog.gov.ge/geo/news?info_id=340).
2012 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში ჩადენილ სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს წამების, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსა და სხვა ძალადობრივ დანაშაულებს, დღეის მდგომარეობით, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს 151 სისხლის სამართლის საქმეზე. ზემოხსენებულ ძალადობრივ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებული არაერთი საჯარო განცხადება მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პროკურატურის მიერ მაქსიმალურად სრულად ხდება საზოგადოების ინფორმირება გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამასთან, პროკურატურა კვლავაც გამოთქვამს მზადყოფნას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დროულად და სრულყოფილად მიაწოდოს საჯარო ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. საქართველოს მთავარი პროკურორი უახლოეს მომავალში გეგმავს ფართო საზოგადოებას გააცნოს პროკურატურის მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის შედეგები.