შსს-მ ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

საქართველო, თბილისი - 2016-01-09 12:11:00

შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თორნიკე კ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ქალბატონს ხელჩანთა, მობილური ტელეფონი, ბეჭედი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, თორნიკე კ. იმავე დღეს ქალაქ ქუთაისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს. დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).