შოთა გოგოხიას საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ხვალ დაკრძალავენ

საქართველო, თბილისი - 2009-10-28 19:37:00

ხვალ, 29 ოქტომბერს, ცნობილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს შოთა გოგოხიას საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

შოთა გოგოხია 1920 წლის 26 სექტემბერს დაიბადა. 1950-1973 წლებში იყო აფხაზეთის ჯანმრთელობის მინისტრი. Aამ დროის მანძილზე აფხაზეთის ჯანმრთელობის დაცვის სისტემა კვალიფიციური ექიმებითა და მედპერსონლით დაკომპლექტდა და მრავალი სამკურნალო ობიექტი აშენდა.

1973-1974 წლებში შოთა გოგოხია აფხაზეთის ჯანმრთელობის სამინისტროს უწყებებში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა და მეცნიერულ მოღვაწეობას ეწეოდა.

ის ლოს-ანჟელესის (აშშ) უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ნატურალური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრი იყო. 2004 წლიდან კი აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ხელმძღვანელობდა.

შოთა გოგოხიას 14:00 საათზე საბურთალოს "ამაღლების" ეკლესიიდან გამოასვენებენ.
დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს აფხაზეთის მთავრობა გაიღებს.