ვაზიანის პირველი საარტილერიო ბაზის ჯარისკაცები გამწვანების აქციას შეუერთდნენ

საქართველო, თბილისი - 2010-04-20 18:35:00


დღეს, გარემოს დაცისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე ვაზიანის საწვრთნელ ბაზას ესტუმრა. მინისტრმა პირველი საარტილერიო ბრიგადის ჯარისკაცებთან და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ბაზის ტერიტორიის გამწვანებაში მიიღო მონაწილეობა. „დარგე ხე - გაამწვანე შენი გარემო" აქციის ფარგლებში ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე 600-მდე წიწვოვანი ნერგი დაირგო.

"ჩვენთვის გასაოცარია ქართველი ჯარისკაცების ენთუზიაზმი - მიიღონ მონაწილეობა ამ აქციაში. ისინი არა მარტო სამხედრო დისციპლინით გამოირჩევიან და იარაღით იცავენ ჩვენს ქვეყანას, არამედ თავად იღებენ მონაწილეობას გარემოს გალამაზებაში - განსხვავებით სხვა ჯარისკაცებისგან, რომლებიც უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ და წვავენ ჩვენს ტყეებს. ვაზიანის პირველ საარტილერიო ბაზის ტერიტორიაზე დღეს 600-მდე ნერგი დავრგეთ" - განაცხადა გოგა ხაჩიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა უკვე მიღეს მონაწილეობა გარემოს დაცვის სამინისტროს გამწვანების აქციაში. „დარგე ხე - გაამწვანე შენი გარემო" აქცია გორის საწვრთნელ ბაზაზე მარტის თვეში გაიმართა, სადაც 250 ფიჭვის ნერგი დაირგო.