ვიქტორ დოლიძე: ქვეყანას მართავს ერთი კაცი! ოქროყანის გზაზე, მარცხნივ რომ შეუხვევთ, იქ ზის, შუშის სახლში
საქართველო, თბილისი - 2015-01-23 17:42:00
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ ქვეყანას კულისებიდან ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მართავს, შესაბამისად, შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის გადაყენება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით მოხდა.
,,პასუხისმგებლობა თუ აქვს შს მინისტრს, გამოძიება ბოლომდე უნდა მიიყვანოს და პასუხისმგებლობით მოეკიდოს. თუმცა ერთ რამეს ვიტყვი: რაში მდგომარეობს ქვეყნის კონცეპტუალური პრობლემა? ჭიკაიძე იქნება შს მინისტრი, ბადაშვილი - მთავარი პროკურორი, თუ ნებისმიერი სხვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ქვეყანას მართავს ერთი კაცი, რომელიც სოლოლაკში ზის, ოქროყანისკენ რომ მიბრძანდებით, მარცხნივ რომ შეუხვევთ, იქ ზის, შუშის სახლში", _ განაცახდა დოლიძემ.
კითხვაზე, ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილება შესაძლოა დაკავშირებული იყოს თუ არა ბიძინა ივანიშვილთან, პასუხობს:
,,არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ, მე ტყუილად არაფერს არ ვლაპარაკობ. ამიტომ ეს არის ძალიან ცუდი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება შს მინისტრი, პროკურორი, რადგან ერთი კაცი მართავს ამ ქვეყანას", - განაცხადა დოლიძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.