როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სტატისტიკის დეპარტამენტიდან აცნობეს, მესამე ადგილზე მყოფი მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი შემცირებულია 21,0 მლნ. აშშ დოლარით და 70,1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. საექსპორტო ათეულში კვლავ გამოჩნდა ყურძნის ნატურალური ღვინოების სასაქონლო ჯგუფი და მისი ექსპორტი 21,1 მლნ. აშშ დოლარია.
მათივე ინფორმაციით, 2009 წლის იანვარ-სექტემბერში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომლის წილი იმპორტში 11,8 პროცენტია და 369,3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზე მყოფი მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფის იმპორტი 192,1 მლნ. აშშ დოლარია, რაც იმპორტის 6,1 პროცენტია. შემცირებულია სამკურნალო საშუალებების ჯგუფის იმპორტი და 116,9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 23,4 მლნ. აშშ დოლარით ნაკლებია.