ინტერნეტით გავრცელებულ ეკლესიის შეურაცხმყოფელ მასალასთან დაკავშირებით "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე პასუხს ხელისუფლების პირველ პირებს სთხოვს. ამის შესახებ განცხადება გიორგი თარგამაძემ დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, მისი პოლიტიკური პარტია შეგნებულად იკავებდა თავს ამ ფაქტების კომენტირებისგან, რადგან ისინი "თავს იკავებდნენ სიბილწის პოპულარიზებისგან~. თუმცა, მას შემდეგ, რაც კომენტარები თავად ამ ვიდეორგოლების გამავრცელებლისგან მოისმინეს, მიიღეს გადაწყვეტილება, ამ ფაქტებისადმი შეფასება თავადაც მიეცათ.
როგორც თარგამაძე აცხადებს, ეს პირადი შეურაცხყოფაა როგორც თავად "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისთვის~, ისე მთელი ქართული საზოგადოებისთვის.
თარგამაძე ამ ფაქტს ეკლესიის დისკრედიტაციის მორიგ მცდელობად აფასებს,
მისი თქმით, ამ ყველაფრის მიზანი "საზოგადოებრივი ასპარეზიდან ავტორიტეტული საზოგადოებრივი აზრის განმსაზღვრელი ინსტიტუტის გარიყვა და გაძევებაა.~
თარგამაძე აღნიშნავს, რომ "სახეზეა ლიბერალულ და სამოქალაქო აზროვნებას ამოფარებული კლასიკური ბოლშევიკური სიმპტომები, რომელიც ავტორთა არასრულფასოვნების კომპლექსისა და პატრიარქის უპრეცედენტოდ მაღალი ავტორიტეტით გამოწვეული გაღიზიანებით არის ნაკარნახევი.~
"თუთბერიძის მიერ პატრიარქის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში დადანაშაულება იყო ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებაში ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის დადანაშაულება", - აცხადებს თარგამაძე.
მისი აზრით, ამ ღირებულებების შელახვის მცდელობა პროვოკაციულობის დიდი საფრთხის შემცველიც არის, რადგან ეს შეურაცხყოფა პირად შეურაცხყოფად აღიქვა ქვეყნის სრულმა უმრავლესობამ.
თარგამაძეს აინტერესებს, პატრიარქის და ეკლესიის დისკრედიტაციის შემცველი მასალის გავრცელების იდეა ხელისუფლებიდან მოდის, თუ "ხელისუფლებაში ჩაბუდებული მარგინალური ჯგუფის" მხრიდან. იგი ხელისუფლების წარმომადგენლებს პოზიციის დაფიქსირებას კატეგორიულად სთხოვს.