პოკროვსკსა და მირნოგრადში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ამ ეტაპზე შეუძლებელია; მოსახლეობას მხოლოდ სამხედროები ეხმარებიან. ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა უკრაინულ მედიას განუცხადა.
„მტერი ყოველდღიურად ანადგურებს ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას. იქ მყოფ ადამიანებთან დაკავშირება შეუძლებელია. სასმელი წყლის, ჰუმანიტარული დახმარების ან მედიკამენტების შეტანა შეუძლებელია. მირნოგრადისა და პოკროვსკის ქალაქებში დარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას მხოლოდ სამხედროები ეხმარებიან. იქ ურთულესი მდგომარეობაა“, - განაცხადა ფილაშკინმა.
ფილაშკინის თქმით, პოკროვსკში 1253 ადამიანი რჩება, მირნოგრადში კი - 1350.