მედიის ცნობით, ესტონეთში, რუსეთის საზღვართან ახლოს, 250-კილოგრამიანი ავიაბომბი აღმოაჩინეს.
როგორც მედია სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, საშიში ობიექტი 2 ნოემბრის დილით, სოფელ აუვერთან ახლოს იპოვეს.
შესაბამის უწყებებს ბომბის აღმოჩენის შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებმა შეატყობინა, რომელმაც ტყეში სეირნობისას საჰაერო ბომბის მსგავს დიდი ლითონის ობიექტს წააწყდა.
სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ ეს მართლაც 250 -კილოგრამიანი ავია-ბომბი იყო და მისი განადგურებისთვის მზადება დაიწყეს.
ინციდენტი რუსეთის ქმედებების გამო რეგიონში გამწვავებული დაძაბულობის ფონზე მოხდა. უფრო ადრე, 10 სექტემბერს, რუსეთის მიერ უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმის დროს, პოლონეთის საჰაერო სივრცეში 19 რუსული დრონი შეიჭრაა, რომელთა უმეტესობა ბელარუსიდან იყო.
20 სექტემბერს, სამმა რუსულმა MiG-31 ტიპის გამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
ნატო-მ მოსკოვის ქმედებები შეაფასა, როგორც „სულ უფრო და უფრო უპასუხისმგებლო ქცევა“, ხოლო ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ და აშშ-ის ელჩმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში მაიკლ უოლცმა განაცხადეს, რომ ალიანსი დაიცავს თავისი ტერიტორიის „ყოველ სანტიმეტრს“ და გამოიყენებს „ყველა საჭირო სამხედრო და არასამხედრო ინსტრუმენტს საკუთარი თავის დასაცავად და ყველა საფრთხის შესაკავებლად“.
მსგავსი ინციდენტები ლიეტუვაშიც მოხდა: ივლისის ბოლოს, დრონმა, რომელიც, Delfi-ს წყაროების ცნობით, ბელარუსის ტერიტორიიდან იყო გაშვებული, ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია, ვილნიუსის მახლობლად საწვრთნელ პოლიგონზე ჩავარდა.