აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენლად, შესაძლოა, რიჩარდ გრენელი დანიშნოს. ამის შესახებ Reuters თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
2020 წელს გრენელი მცირე ხნით იყო ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 2019 წლიდან 2021 წლამდე მუშაობდა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლად სერბეთსა და კოსოვოს შორის მოლაპარაკებებში.
ამ პერიოდში მხარეებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
როგორც Reuters იხსენებს, 2024 წლის ზაფხულში გრენელმა შესთავაზა „ავტონომიური ზონების“ შექმნა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწყებული სამხედრო კონფლიქტის მოსაგვარებლად.
მან ასევე განაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.
გამოცემის წყაროები, აღნიშნავენ, რომ ტრამპი განიხილავს სპეციალური წარმომადგენლის პოზიციის შექმნის შესაძლებლობას, რომელიც ექსკლუზიურად „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის“ მოგვარებით იქნება დაკავებული.
ეს, შესაძლოა, იყოს მისი ერთ-ერთი პირველი დიპლომატიური ნაბიჯი თანამდებობის დაკავების შემდეგ. თუმცა, ამ თანამდებობის შექმნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ამასთან, Reuters-ის წყაროები არ გამორიცხავენ, რომ ტრამპი სრულიად უარს იტყვის უკრაინაში სპეციალური წარმომადგენლის პოსტის შექმნის იდეაზე.