ვხედავ, ჩვენს არაერთ თანამემამულეს, გულსა და გონებაში აქვს გავლებული მავთულხლართები და უჭირს გაარჩიოს ქვეყნის ნამდვილი მტერი და მოყვარე, - წერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) ფეისბუკზე გამოქვეყნებულ სიტყვაში.
ეპისკოპოსი აღნიშნავს, რომ სწორედ ამ კატეგორიის მოქალაქეებთან დაკავშირებით გვმართებს გაძლიერებული ყურადღების გამახვილება.
"დიახ, ვხედავ, რომ ჩვენს არაერთ თანამემამულეს, გულსა და გონებაში აქვს გავლებული მავთულხლართები და უჭირს გაარჩიოს ქვეყნის ნამდვილი მტერი და მოყვარე. რეალურად კი მადლიერება გვმართებს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისადმი, რომლებიც ევროატლანტიკური სივრციდან ათწლეულებია უანგაროდ გვეხმარებიან. მათ გარეშე ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გადალახვა ძალიან გაგვიჭრდებოდა. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ კატეგორიის მოქალაქეებთან დაკავშირებით გვმართებს გაძლიერებული ყურადღების გამახვილება. მუდმივად უნდა ვცდილობდეთ, რომ ქრისტესმიერი სიყვარულით, მათი გონებიდან და გულებიდან მავთულხლართები მოვხსნათ, ავუხილოთ თვალები, დავანახოთ მტერი, რომელიც ცენტრალური ავტომაგისტრალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში დგას და ამის შემდეგ, უკვე ერთობლივად შევეცადოთ ტერიტორიული ოკუპაციისგან გათავისუფლებას", - წერს ეპისკოპოსი და აღნიშნავს, რომ "ნეიტრალიტეტის" მოთხოვნასთან დაკავშირებული განცხადებები, რეალურად, პირდაპირი რუსული პროპაგანდაა და ის მხოლოდ რუსეთს აწყობს, რომ საქართველო დაიპყროს და დამოუკიდებლობა წაართვას.
მისივე თქმით, ჭეშმარიტება, რომ დასავლური ცივილიზაციის წევრობით მტერი ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ვერ შეეხება, ჩვენს თანამოქალაქეებამდე უნდა მივიტანოთ
"ძლიერი დასავლელი პარტნიორები და დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრობა, პირდაპირპროპორციულია იმისა, რომ მტერი ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ვერ შეეხება. როგორმე უნდა მოვახერხოთ, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება ჩვენს თანამოქალაქეებამდე მივიტანოთ. მოდით, დღეს, 2020 წლის 26 მაისს დავიწყოთ ეს ყველაფერი", - წერს ეპისკოპოსი.