ENG / RUS       12+

კითხვები ენგურჰესთან დაკავშირებით

"ენგურჰესის" შესახებ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუსულ სახელმწიფო კომპანია "ინტერ რაო-ეეს"-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის დეტალები კვლავ უცნობი რჩება. საზოგადოების ნაწილი აცხადებს, რომ სახელმწიფომ საჯარო ინფორმაციას გრიფით საიდუმლო დაადო, ხოლო სასამართლომ ამ საკითხის განხილვისას პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

შესავლის ნაცვლად
როცა დოკუმენტის გამოთხოვის პირველი მსურველი გაჩნდა, ენერგეტიკის სამინისტრომ მეორე დღესვე მემორანდუმს საიდუმლო გრიფი დაადო. სამინისტროს არგუმენტი ასეთია: მემორანდუმი რუსული კომპანიისთვის კომერციულ ინფორმაციას შეიცავს. სიმართლის ძიების პირველ ეტაპს - ენერგეტიკის სამინისტროში შეტანილ ადმინისტრაციულ საჩივრებს - შედეგი არ მოჰყოლია და საქმე საბოლოოდ სასამართლომდე მივიდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა. სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლომ ვერ ცნო ბათილობის საფუძველი ენერგეტიკის სამინისტროს იმ სადავო ბრძანებულებისა, რომლის მიხედვითაც დოკუმენტი დახურეს.
"2009 წლის 16 იანვრის წერილით, კომპანია "ინტერ რაო ეეს"-მა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსგან მოითხოვა ზემოაღნიშნული მემორანდუმის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა, ვინაიდან მემორანდუმი შეიცავდა განსახორციელებელ კომერციულ გეგმას, რომლის გამჟღავნებითაც შეილახებოდა მისი კომერციული ინტერესები. იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ მემორანდუმი აკმაყოფილებდა კომერციული საიდუმლოების ნიშნებს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს 2009 წლის 16 იანვრის ბრძანებით მემორანდუმი მიჩნეულ იქნა კომერციულ საიდუმლოებად. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სადაო ბრძანების ბათილობის საფუძველი არ არსებობს და ამასთან ურთიერთგაგების მემორანდუმის განსაჯაროება საფრთხეს შეუქმნის კომპანიის კონკურენტუნარიანობას," - ასეთია პრესსამსახურის განმარტება.

არგუმენტები გრიფის წინააღმდეგ

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აზრით, ენერგეტიკის სამინისტროსთვის "ინტერ რაო-ეეს"-ის მიმართვა საკმარისი არ უნდა ყოფილიყო დოკუმენტისთვის გრიფის დასადებად. "ამ შემთხვევაში სამინისტროსთვის ამოსავალი უნდა გამხდარიყო არა მეორე მხარის კომერციული ინტერესი, არამედ საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულება და ქართველი ხალხის ცხოველი ინტერესი," - ამბობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი.
ხიდაშელს იმაშიც ეპარება ეჭვი, რომ დოკუმენტი კომერციული ინფორმაციის შემცველია: "ენერგეტიკის სფერო შეზღუდული კონკურენციით გამოირჩევა. მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ახდენს რეგულირებას. არსებობს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია."
საყურადღებოა შემდეგი გარემოებაც. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დოკუმენტს "საიდუმლოს" გრიფს არ მოხსნიდა, მოსარჩელეები მოითხოვდნენ, მემორანდუმის ის ნაწილი მაინც გამოქვეყნებულიყო, რომელიც კომერციულ საიდუმლოებას არ შეიცავდა. სასამართლო გადაწყვეტილება ამის შესაძლებლობასაც არ იძლევა.
მოდავე მხარეების გარდა, "24 საათი" იურისტებს, ეკონომისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაესაუბრა. მათი შეფასებით, ხსენებული მემორანდუმი საჯარო დოკუმენტია.
"ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნარმანიას განმარტებით, "მემორანდუმი არ არის დოკუმენტი, რომელსაც სამართლებრივი ძალა აქვს. ის უფრო განზრახვათა დოკუმენტია. აქედან გამომდინარე საინტერესოა, რა საიდუმლო დევს რუსეთის და საქართველოს ხელისუფალთა განზრახვაში?"
ნარმანიას მსგავსად, ეჭვები ექსპერტებსაც უჩნდებათ. "ვერ წარმომიდგენია, ამ დოკუმენტში რა უნდა იყოს საიდუმლო, თუ ეს, გარკვეული თვალსაზრისით, წინააღმდეგობაში არ მოდის საქართველოს ინტერესებთან ან საღ აზრთან?" - ასეთ შეკითხვას სვამს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დავით ონოფრიშვილი.
"ჩემი აზრით, ყველა დოკუმენტი უნდა იყოს გამჭვირვალე და ღია. მაგრამ საკითხი ეკონომიკის სფეროს სცილდება, ეს უკვე პოლიტიკური საკითხია," - ამგვარ შეფასებას იძლევა ექსპერტი ემზარ ჯგერენაია.
იურიდიულ საკითხებში ექსპერტ ვახტან ხმალაძის განმარტებით, ჩვენ არ უნდა ვიდავოთ იმაზე, შეიცავს თუ არა მემორანდუმი რუსული კომპანიისთვის საიდუმლო ინფორმაციას. ხმალაძის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებას ანუ ენერგეტიკის სამინისტროს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაეკმაყოფილებინა "ინტერ რაო-ეეს"-ის მოთხოვნა: "არ შეიძლება, რომ საჯარო ხელისუფლებას კომერციული საიდუმლოება ჰქონდეს, მაშინაც კი, როცა საქმე არ ეხება ქვეყნისთვის სტრატეგიულ ობიექტს... არსებობს სამხედრო საიდუმლოება, მაგრამ ხელისუფლება ვერანაირ ეკონომიკურ ხელშეკრულებას ვერ გახდის კონფიდენციალურს, ვინაიდან იგი ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე. ხელისუფლებამ მე და თქვენ უნდა აგვიხსნას, რაში ხარჯავს ჩვენი ჯიბიდან ამოღებულ ფულს."


"სასამართლო მარიონეტია"

"ენგურჰესის" თემაზე მსჯელობისას ჩვენმა რესპონდენტებმა თბილისის საქალაქო სასამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულეს და დამატებით განმარტეს, რომ მათთვის ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა.
"შესაძლოა, სასამართლომ "ზემოდან" მიიღო მითითება, როგორც ეს აქამდე არაერთხელ მომხდარა. არც ის არის გამორიცხული, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასამართლო დაარწმუნეს, რომ ასეთი ტიპის დოკუმენტს გრიფი "საიდუმლო" უნდა ჰქონდეს, თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე შეცდა..." - ასეთი ვარაუდი გამოთქვა დავით ნარმანიამ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბიძინა გუჯაბიძემ კიდევ უფრო მწვავე განცხადება გააკეთა: "მოსამართლეს ხელისუფლების ბრძანება რომ არ შეესრულებინა, სამსახურს დაკარგავდა. ნებისმიერი მოსამართლე ხელისუფლების მარიონეტია."
"ჩვენ არ გვჯერა პოლიტიზირებული სასამართლოსი," - აცხადებენ მოსარჩელე მხარეები. მიუხედავად ამისა, ისინი ქვეყნის მასშტაბით ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებას აპირებენ. მათი ვარაუდით, საქმე საბოლოოდ სტრასბურგამდე მივა.
სახელისუფლებო გუნდის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი უშუალოდ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ აკეთებს, სასამართლოს პოლიტიზირების შესახებ ოპონენტთა შეფასებებს კი კატეგორიულად არ იზიარებს: "ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ასეთ შეფასებებს აკეთებს. როგორც ჩანს, ეს ადამიანები ვერ აცნობიერებენ სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობას ქვეყნისთვის. ისინი სასამართლოს პოლიტიზირებაში ადანაშაულებენ და ამ გზით თავის დამკვიდრება სურთ. ეს დრო წარსულს ჩაბარდა..."

ჱდამატებითი შეკითხვა

"ენგურჰესის" თემა მრავალ კითხვას ბადებს. ინფორმაციის საჯაროობის გარდა, "24 საათის" რესპონდენტები სხვა საკითხებზეც ამახვილებენ ყურადღებას. პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტების ნაწილს აინტერესებს, რატომ გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლებამ ეკონომიკური თანამშრომლობა ქვეყანასთან, რომელთანაც საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით?
"მე თუ მკითხავთ, შეკითხვების დასმა აქედან უნდა დაიწყოს: რაში დასჭირდა საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი ტიპის თემებზე რუსეთთან - აგრესორ ქვეყანასთან დაეწყო საუბარი? რატომ ვაფორმებთ დაპირისპირებულ ქვეყანასთან მემორანდუმს ენერგეტიკის სფეროში?" - დავით ნარმანია ამ კითხვებზე პასუხს ხელისუფლებისგან მოითხოვს.
დაბოლოს, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა "ენგურჰესის" თემაზე საუბრისას კიდევ ერთ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ბოლო დროს სამწუხარო ტენდენცია შეინიშნება: "გახშირდა შემთხვევები, როცა სახელმწიფო სტრუქტურები ინფორმაციის თავისუფლებას ძალზე შეზღუდულად, ვიწროდ განმარტავენ. ზოგჯერ კანონი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა და ასეთ დროს რამდენიმე მოსაზრება ჩნდება. ჩემი აზრით, როცა ამდენს ვლაპარაკობთ გამჭვირვალობაზე, საჯარო მოხელე ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების სამართლის გამოყენებისას მაქსიმალურად მოქნილი იყოს."
ხიდაშელის განმარტებით, ჩვენთან პირიქით ხდება: საჯარო მოხელეები კანონს ყოველთვის შეზღუდულად განმარტავენ და თანაც - დახურულობის სასარგებლოდ.

ვერიკო თევზაძე

 

ავტორი: . .