ENG / RUS       12+

გიორგი ბარამია: ჩემთვის ორი მთავარი პრიორიტეტია - აფხაზეთი, დევნილები

რესპოდენტის შესახებ

დევნილობაში მყოფ აფხაზეთის მთავრობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. კენჭისყრის შედეგად აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ბარამია აირჩია. სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენ" აფხაზეთის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს იმ პრიორიტეტებსა და გეგმებზე ესაუბრა, რომლითაც ის, როგორც თავად აღნიშნავს ორი უმტავრეის პრობლემბის "დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ უზრუნველყოფასა და აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში სრულფასოვან დაბრუნებას" აპირებს.
გიორგი ბარამია: აფხაზეთი ჩემია _ სისხლხორცეულად ნაცნობი და ახლობელი. სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. არასოდეს მიცხოვრია მის გარეშე. არასოდეს ჩამოვშორებივარ აფხაზეთის თემატიკას. არ შეიძლება, იქ დაბადებულმა კაცმა 24 საათს აფხაზეთზე არ იფიქროს. ხშირად მიწევდა ყოფნა ათონის მთაზე _ ივერის მონასტერში და მარიამ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს ვევედრებოდი, მოეცა ძალა ქართველი და აფხაზი ხალხის ღვთის სიყვარულით შესარიგებლად. ჩვენს დასაბრუნებლად აფხაზეთში. ეს არის ჩემი ოცნება და სურვილი. ძალიან ბევრი აფხაზი მეგობარი მყავს. მათი აზრია, რომ "ამ უაზრო ომმა დაგვღუპა. დამოუკიდებლობას ვერ მივაღწიეთ, რუსები თავზე გვასხედან და ფაქტობრივად ამბობენ იმას, რაც რეალობაა. მაგრამ როგორც კი ამ დიალოგში ერევა მესამე მხარე, მაშინვე რადიკალური ხდება მათი პოზიცია". დღევანდელი რეალობა კიდევ უფრო მძიმეა. ადრე რაღაცას მაინც კიდევ ეკითხებოდნენ. ახლა საერთოდ აღარაფერს ეკითხებიან. ნომინალურად სხედან ე. წ. პრეზიდენტი და მისი აპარატი და სეპარატისტული მთავრობა, რომლის ლეგიტიმაციას თვითონ აფხაზი ხალხიც არ ცნობს. ეუბნებიან _ "შენ ხარ რუსეთის ყურმოჭრილი მონა და აფხაზურ ინტერესებს არ ატარებო". დღეს სიტუაცია ძალზე დამძიმებულია. ისინი არიან თვითონ თავიანთივე ე. წ. დამოუკიდებლობის მძევლები და მიდის მიზანმიმართული გენოციდიც. მათ მომავალი რუსეთთან არ აქვთ.

_ 15 ივნისს, როდესაც თქვენ დევნილობაში მყოფ მთავრობას ჩაუდექით სათავეში, აფხაზეთი საერთაშორისო მეთვალურეების გარეშე დარჩა. გაეროს მისიას მანდატი შეუწყდა. როგორ შეაფასებთ რუსეთის მიერ რეზოლუციაზე ვეტოს დადებას?

_ გაეროს მისია ერთადერთი სართაშორისო სტრუქტურა იყო, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებდა მონიტორინგს. აგვისტოს მოვლენებმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის ვერ აღმოჩნდა შემაკავებელი ძალა, მაგრამ 15 წლის განმავლობაში მისიამ უდავოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების დაფიქსირების კუთხით. თუნდაც ამ მხრივ მისიის შეწყვეტა არის ძალიან ცუდი სიგნალი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ერთი ყველას წინააღმდეგ, როგორც ეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაფიქსირდა, საერთაშორისო თანამეგობრობას გარკვეული და მეტად მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების საშუალებას მისცემს.

კრემლმა ამ ქმედებით მორიგი აგრესია გამოავლინა და გამოიყენა ყველა საშუალება, ოკუპირებული ტერიტორიები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის გარეშე დაეტოვებინა. გაეროს მისიის მანდატის გაგრძელებაზე ვეტოს გამოყენებით, რუსეთმა საკუთარი თავი პოლიტიკურ იზოლაციაში მოაქცია. ეს ფაქტი არ შეიძლება არ შეფასდეს, როგორც მტრული ნაბიჯი საქართველოსადმი და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი, რაც სათანადო შეფასებას იმსახურებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. უნდა შევეცადოთ, რომ საქართველოში მოქმედი ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის მოქმედება აფხაზეთის ტერიტორიაზე გავრცელდეს, რათა მოსალოდნელი პროვოკაციები რუსეთისა და სეპარატისტული ხელისუფლების მხრიდან თავიდან იქნეს აცილებული.

_ აფხაზეთი, ფაქტობრივად, საერთაშორისო მეთვალყურეობის გარეშე რჩება. რა იქნება ხვალ?

_ ახლა აუცილებელია სხვა ტიპის საერთაშორისო ჩართულობის მექანიზმზე მუშაობა, რაც უმოკლეს პერიოდში უნდა ამოქმედდეს და რაც შეიძლება ეფექტურად.

არსებულ პირობებში კი ჩვენი მოსახლეობა დარჩება აბსოლუტურად დაუცველი. მაგრამ რუსეთს აქვს ტაქტიკა შეცვლილი. შეიძლება ისინი აფხაზებს ისე კარგად არ ექცევიან, როგორც ადგილობრივ ქართველებს. ეს ხდება თვალის ასახვევად _ ეს არის მზაკვრული გეგმა. ხვალ რა იქნება, არავინ იცის. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მოხდეს ახალი საერთაშორისო ფორმატის შემუშავება.

_ რა იქნება თქვენი საქმიანობის პრიორიტეტი?

_ ჩვენი საქმიანობას ორი პრიორიტეტი ექნება და ეს სავსებით გასაგებია _ აფხაზეთი, დევნილები. ყველა საკითხი დაუკავშირდება აფხაზეთს, მის დაბრუნებას ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში. თავად აფხაზების დაბრუნებას და, რასაკვირველია, დევნილების პრობლემებს. სწორედ ეს იქნება ჩვენთვის ამოსავალი წერილი.

რასაკვირველია, არსებობს ცალკეული საკითხები. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობების, რათა მოხდეს დევნილების პრობლემების პირდაპირი გაცნობა და ადგილზე გადაჭრა. ჩვენი საქმიანობა უფრო მობილური უნდა გახდეს. ხშირად უნდა გვქონდეს კონტაქტი დევნილ მოსახლეობასთან და, რა თქმა უნდა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთშეთანხმებით მოხდეს ამ პრობლემების გადაწყვეტა. ჩვენი მიზანია, ჩვენს ხალხს ჩვენ ვუპატრონოთ.

_ ეს პრიორიტეტი არის ნებისმიერი მთავრობისთვის ამოსავალი. სამწუხაროდ, ამდენი წლის განმავლობაში დევნილების წინაშე არსებული პრობლემების სრულფასოვანი გადაჭრა ვერ ხერხდებოა. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ აუცილებელია სხვა ხედვა, სხვა მიდგომები?

_ ზუსტად ამიტომ უნდა მოხდეს აფხაზეთის მთავრობის რეორგანიზაცია _ საკადრო ცვლილებები და სტრუქტურული რეორგანიზაცია, რათა ყველა სტრუქტურა ეფექტურად დაკავდეს დევნილთა პრობლემებით. ჩვენ არ ვაპირებთ პრობლემების კაბინეტებში მოსმენას და მათზე რეაგირებას რეზოლუციების მეშვეობით.

არც ერთი დევნილი არ უნდა იყოს სოციალურად დაუცველი. არ შეიძლება ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ გაუსაძლის პირობებში. რასაკვირველია, ცენტრალური ხელისუფლება ამ მხრივ მრავალ მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, მაგრამ აუცილებელია მათი ეფექტურობის ზრდა. ამ მხრივ, მნიშვნელოვნად შეიცვლება მთავრობის აპარატის ცალკეული სამინისტროების საქმიანობა.

ეს არის ჩემი უპირველესი მიზანი, რასაც ჰქვია სოციალურ-ეკონომიკური მიმართულება. რომ დევნილებს, რომლებიც მართლაც რომ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, რაღაცნაირად შეუმსუბუქოთ ეს ხვედრი.

მინდა ყველა დევნილმა იცოდეს, მეც მათი შვილი ვარ და ჩემთვის კაბინეტში ჯდომა არასოდეს იქნება თვითმიზანი. შესაბამისად, მათ უფლება აქვთ მოითხოვონ ჩემგან მე კი ვალდებული ვარ, ვიყო მათ გვერდით.

_ რეორგანიზაცია საკადრო ცვლილებებსაც ითვალისწინებს?

_ დიახ, ეს იქნება საკადრო ცვლილებაც. მნიშვნელოვნად არა, მაგრამ თუნდაც მთავრობის აპარატში, წარმომადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება. ყველას უნდა ჰქონდეს თავისი ფუნქცია. ყველა უნდა მუშაობდეს ოპერატიულად და ეფექტურად. შეიცვლება რაღაც-რაღაცები, წარმოჩინდებიან ახალგაზრდა კადრები, რომელთაც სერიოზული განათლება ექნებათ და, რა თქმა უნდა, ის ძველი რესურსი, რომელიც არის უკვე აფხაზეთის მთავრობაში, შეინარჩუნებენ თავიანთ ადგილს.

ჩემი მიზანია, ამ ძველი კადრების გამოცდილება და ახლების ენთუზიაზმი ერთობლივად. ეს სინთეზი გადაჭრის პრობლემებს, რაც დევნილ მოსახლეობაში არსებობს.

_ სოციალური პრობლემების მოგვარების გარდა, არსებობს უმთავრესი პრობლემა _ აფხაზეთში დაბრუნება. როგორია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის ხედვა?

_ გერმანიაში სწავლის პერიოდში აფხაზეთთან დაკავშირებით ჩემი ხედვა ჩამოვაყალიბე _ კონფლიქტი აფხაზეთში და მისი მოგვარების რეალური გზა. მქონდა ბედნიერება მისი პრეზენტაცია მარშალის ცენტრში გამართულიყო. მთავარი მოთხოვნა კი ძალიან მარტივად ჟღერდა _ სამშვიდობო ფორმატის შეცვლა. მოთხოვნაც და ხედვაც რომ სწორი იყო, ამას თუნდაც დღევანდელი რეალობა ადასტურებს. იყო მინიშნება, რომ ფორმატი უნდა შეცვლილიყო, ან მომხდარიყო ინტერნაციონალიზაცია. პირველი შეთავაზება იყო რუსების მიმართ და მეორე იყო გაეროს საპოლიციო კომპონენტის შემოსვლა კონფლიქტის ზონაში.

მეორე მომენტი _ პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან იმავე საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით. პირდაპირი კითხვების დასმა და გარკვევა _ თუ რას ითხოვდა აფხაზეთი, რა შეიძლებოდა ქართულ მხარეს შეეთავაზებინა.

_ პირდაპირი დიალოგის წარმართვისათვის აუცილებელია ნდობა, რომელიც ამ დროისათვის მინიმუმადეა. როგორ აპირებთ ამ ნდობის აღდგენას?

_ ჩვენ გვაქვს სახალხო დიპლომატია, მეგობრობის ინსტიტუტის აღდგენა და ა. შ. ჩვენ ხომ მათთან გავიზარდეთ და ვიცით მათი ხასიათი, აზროვნება. ომის შემდგომ პერიოდშიც მქონდა შეხვედრები და ვიცი, როგორი გულისტკივილით ლაპარაკობდნენ, მაგრამ ეშინია სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იქ დაბეჩავებულ მდგომარეობაშია. არის რაღაც ჯგუფი, რომელიც კონტროლდება სპეცსამსახურების მიერ და ისინი ახვევენ თავიანთ პოლიტიკას. ადრე თვითონ ხალხი ამბობდა, რომ ქართველების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია და აზრი იგივეა. მით უფრო, ამ მძიმე სოციალურ პირობებში.

პირდაპირი დიალოგი აუცილებელია. იგივე ჟენევის ფორმატი შეიძლება დღესდღეობით იმდენად ეფექტურად არ ჩანდეს, მაგრამ აუცილებელია, იმიტომ, რომ აფხაზები ხედავენ თავიანთ ხვედრსა და საფრთხეს. ფაქტობრივად, ისინი დღეს არიან ე. წ. კულტურული გენოციდის წინაშე. მიდის რუსების ჩასახლება. მთელი ინფრასტრუქტურა, დაწყებული ტურიზმითა და დამთავრებული ნებისმიერი ბიზნესით, უკვე რუსების ხელშია, ე. წ. ახალი რუსების ხელში. თვითონ აფხაზს არაფერი დარჩა. არის ერთი ორი ბიზნესმენი, რომლებიც კონტროლდებიან რუსეთის მიერ. აქედან გამომდინარე, ისინიც ფიქრობენ - ვიომეთ, და რა მივიღეთ? დამოუკიდებლობა? ისინი გაურკვევლობაში არიან.

კავკასია ძალიან სპეციფიკური რეგიონია და თვითონ აფხაზს, როგორც ქართველსა და ნებისმიერი კავკასიელს, თავმოყვარეობის შეგრძნება მაღალ დონეზე აქვს. უნდა ვუთხრათ აფხაზებს, რომ ჩვენ არ ვართ მათი მტერი, არამედ მოძმე ერი ვართ. ჩვენი თანაცხოვრება და თვითმყოფადობა შენარჩუნდება მარტო საქართველოს სახელმწიფოებრიობის შიგნით, რუსეთთან მიმართებაში კი ისინი საბოლოოდ ამოწყდებიან. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ასევე გამოსაყენებელია ის ხალხი, რომელიც ნორმალურად აზროვნებს. შერეული ოჯახები და ა. შ. საჭიროა დაახლოვების გაღვივება და დიალოგი.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა თემურ ჭუმბურიძე

ავტორი: . .