მთავრობამ ადლიაში გაფორმების ეკონომიკური ზონის (გეზი) მახლობლად შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ფული გამოყო.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადლიაში გეზ-ის მიმდაბარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის 671 ათას 935 ლარი გამოიყოფა. აღნიშნული თანხით. ახალი საბაჟო ტერმინალის მშენებლობისათვის გამოყოფილ ტერიტორიასთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობა და სატვირთო ავტომობილების ავტოსადგომის სამშენებლო სამუშაოები დაფინანსდება. ადლიის გეზის გახსნა 2011 წლის იანვრის ბოლომდე იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლილოში ოფიციალურად გახსნა ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გაფორმების ეკონომიკური ზონა.
გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზი) ეს არის საქართველოში უპრეცედენტო სიდიდის, 12 ჰექტარზე გაშენებული კეთილმოწყობილი ტერიტორია სრული კომფორტით. სპეციალურად დაგეგმარებული ავტოსადგომი გათვლილია 400 სატვირთო ავტომანქანაზე. შესაძლებელია ერთდროულიად ნებისმიერი რაოდენობის იმპორტიორის მომსახურება კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში. ტვირთის გაფორმებისას, იმპორტიორს აღარ უწევს ძვირადღირებული ბროკერისა და დეკლარატის დაქირავება.
შესაძლებელია იმპორტიორმა დაისვენოს იმ დროს, სანამ მისი ტვირთი გადის გაფორმების პროცედურას. იმპორტიორის სრული ინფორმირება ხდება ერთ ფანჯარასთან, რითაც იგი ზოგავს დროსა და ენერგიას. იმპორტიორს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ექსპერტისა და ტექნიკური პერსონალის მომსახურებით. გეზში ტვირთის გაფორმების საფასურის გადახდა შესაძლებელია 5-დღიანი გადავადებით. ტვირთის გაფორმების სრული პროცედურა აქ რამდენიმე წუთში სრულდება.
გაფორმების ეკონომიკური ზონის შექმნა ახალი ეკონომიკური კურსის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს სამართლიანი, მარტივი და სანდო საგადასახადო სისტემის შეთავაზებას ბიზნესისათვის.