ENG / RUS       12+

ჟამი სინანულისა

დღე, რომელიც საქართველოს პატრიარქმა საყოველთაო სინანულისა და შენდობის დღედ გამოაცხადა, სავსე იყო ემოციებით. ეს არ იყო მხოლოდ სინანულის, მიტევებისა და შენდობის განცდა. ეს ერთდროულად იყო აპათიის, სიახარულის, მრისხანების, უხერხულობის, ჩიხში მოქცევისა და ჩიხიდან გამოსვლის შეგრძნებათა მოზღვავება და მონაცვლეობა. რომელი რომელს სჭარბობდა ეს მხოლოდ იმაზე იყო დამოკიდებული, თუ ვის როგორი უნდა და წარმოუდგენია საქართველოს ხვალინდელი დღე - მიხეილ სააკაშვილთან ერთად თუ მისი პრეზიდენტობის გარეშე.
თავად ის ფაქტი, რომ უწმინდესმა ერსა და ბერს ამ დღეს ეკლესიებში მისვლისა და სინანულისაკენ მოუწოდა, უკვე მეტყველბდა იმაზე, რომ ჩვენ მოსანანიებელიც ბევრი გვაქვს და მისატევებელიც.
იმთავითვე ცნობილი იყო ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საკუთარი "ტრიბუნით" დარბის(სწორედ რომ დარბის) რელიგიურ დღესასწაულებზე, ამჯერადაც უთუოდ ისარგებლბდა "პრეზიდენტისეული" უფლებებით და სამების საკათედრო ტაძარში თუ მთლად "გლიცერინის ცრემლებით" არა, ცოდვების საჯაროდ მონანიებას მაინც შესძლებდა ტელეკამერების წინ.

წინასწარ იყო ცნობილი ისიც, რომ ოპოზიციური პარტიები (ალბათ უფრო მძიმე ცოდვაში ჩავრდნისგან თავის არიდების მიზნით) პრეზიდენტის მიერ ლამის "დაპრივატებული" სამების საკათედრო ტაძარში მისვლისაგან თავს შეიკავებდნენ და სიონსა და ქაშუეთში დაესწრებოდნენ შენდობის ლოცვას.

ისიც საყოველთაოდ ცნობილია, რომ უწმინდესი უფლის ნებითა და წყალობით ისევეა ოპოზიციონერების პატრიარქი, როგორც ხელისუფლების და ამდენად, მისგან არავინ ელოდა ტაძრების ისე "დანომრვსა" და "გადანაწილებას", როგორც ამას ხელისუფლება სახელწიფო სტრუქტურებში, ოპოზიცია კი - "საკნების ქალაქში" აკეთებს!
მოკლედ, ყველაფერი წინასწარ იყო ცნობილი. ერთი, ერთი შეხედვით უწყინარი, მაგრამ ყველაზე რეზონანსული ფაქტის გარდა: როგორ, ან რატომ მოხვდა ირაკლი ალასანია "შემთხვევით" სამების საკათედრო ტაძარში, იქ სადაც მიხეილ სააკაშვილი "კანონზომიერებით" იმყოფებოდა?! ამ "შემთხვევით კანონზომიერებასა" და მათი "ავტორების" ქმედებას თავისი ლოგიკური ახსნა აქვს: ირაკლი ალასანიას მუდმივად გაურბის თვალიც და გონებაც "დიალოგისაკენ", მაგრამ საიმისოდაც ჰყოფნის გონება, რომ ცალი ფეხით, ცალი თვალითა, ცალი ყურითა და ტვინის ნახევარსფეროთი საპროტესტო აქციებზე იყოს. იმ "გულისამაჩუყებელ" სცენას, რომელიც სააკაშვილისა და ალასანიას ლამის "ძმადდაფიცვის" ტოლფას ხელისჩამორთმევას მოყვა, არც რელიგიურ და არც პოლიტიკურ გულწრფელობასთან საერთო რომ არაფერი ჰქონდა, ამას ყველაზე არაგულწრფელი ადამიანებიც კი მიხვდნენ.
საკაშვილის გადადგომის მოსურნე გულანთებულები კი, ლამის აპათეაში, სასოწარკვეთილებასა და იმედგაცრუებაში ჩავარდნენ. ეჭვებში გაეხვია თითქმის მთელი ქალაქი, ისინი ვინც იმ დროს სამების საკატედრო ტაძარში იმყოფებოდნენ, ისინი ვინც ტელევიზორებთან ისხდენ და ისინი ვისაც ტელეფონით ატყობინებდნენ ამ ამბავს: "დავიღუპეთ, ოპოზიციამაც მოგვატყუა და ხელისუფლებასთან გარიგებაზე წავიდნენ!"
მოკლედ, მათი სასოწაკვეთილებაში ჩავარდნის ცოდვა ირაკლი ალასანიას კისერზეა და, როგორც ღრმადმორწმუნე ადამიანი, იმედია მორიგი სინანულისა და შენდობის დღეს ამ ამბავს მოინანიებს.

რაც შეეხება დანარჩენ რადიკალებს, ისინი პატრიარქმა საღამოს რეზიდენციაში დაიბარა... და, რადგან ღვთის ნებისა და პატრიარქის წინაშე რადიკალიზმი მართმადიდებლებისთვის დაუშვებელია, მათ ვინც მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მოითხოვენ, მხოლოდ მას შემდეგ ამოისუნთქეს შვებით რაც გაიგეს, რომ პატრიარქს ოპოზიციისაგან არც აქციების დაშლა და არც სააკაშვილთან დიალოგი არ მოუთხოვია.
ქართული ჟურნალისტიკის "თავისებურებიდან" და საზოგადოების ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე, დამატებითი კითხვები მაინც გაჩნდა. "პატრიარქმა ჩევნგან მხოლოდ ის მოითხოვა, რომ პროცესები მშვიდობიანად განვითარდეს და მიხეილ სააკაშვილზე, როცა ის საქართველოს პრეზიდენტი აღარ იქნება, პოლიტიკური ანგარიშწორება არ განვახორციელოთ" - განაცხადეს ოპოზიციონერებმა.

რასაკვირველია, პატრიარქის ამ შეგონებას ოპოზიციაც ისევე მიესალმება, როგორც ნებისმიერი ჭკუათმყოფელი რიგითი მოქალაქე; მაგრამ იმავე მოქალაქეებს ერთი ლოგური და ლეგიტიმური კითხვა გაუჩნდათ, რომელზეც ბუნებრივია ოპოზიციამ უნდა გასცეს პასუხი დღესაც და მას შემდეგაც, როცა სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი აღარ იქნება.

სისხლისღვრა, "ტელედაჭერები", ანგარიშსწორებები და მსგავსი უკანონო, ამორალური ქმედებები, ანუ ის რაც "ვარდების რევოლუციას" "მზითვად" მოჰყვა ჩვენს სინამდვილეში, რომ არ უნდა განმეორდეს ამაზე ყველა, სქესის, მრწამსისა და ასაკის განურჩევლად თანხმდება.

მაგრამ საინტერესოა, თუ ჩვენ სამართლებლივი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, ისეთი სადაც კანონის უზენაესობის წინაშე ყველანი თანასწორნი ვიქნებით, "იმჟამად" უკვე ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს გაურკვეველ იმუნიტეტს ვანიჭებთ და 21-ე საუკუნეში შუასაუკუნოვან ინდურგენციას ვაძლევთ? თუ გვინდა, რომ საქართველოს ისტორიაში: 7 ნოემბერი, აგვისტოს ომი, ადგილზე ლიკვიდაციები, კერძო საკუთრებების ხელყოფა და "ჩარეცხვის" დიდი "რიტუალები" კალსგარეშე საკითხავ ლიტერატურად შევიტანოთ?
ცივილურობა რომც გამოვრიცხოთ, ჩვენ მართმორწმუნე, მიმტევებელი ერი ვართ, მაგრამ დანაშაულის არ დასჯა: მინიმუმ მორიგი დანაშაულის წახალისებას, მაქსიმუმ ქვეყნაში დაუსჯელობის "ეპიდემიას" რომ გამოიწვევს, ამას - გონებით გაცნობიერებული თუ არ გვაქვს - ჩვენი გამოცდილების ერი, სხეულით, ინსტიქტურად მაინც უნდა გრძნობდეს!
ასე, რომ ბატონო და ქალბატონო ოპოზიციის ლიდერებო: თუ თქვენ ფიქრობთ და გაქვთ ამის უტყუარი სამართლებრივი ფაქტები, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარი ქვეყნისა და ერის წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი( და ამიტომაც მოითხოვთ მის გადადგომას), მაშინ სამართლებრივი ქვეყნის შენება სწორედ მისი კანონის წინაშე წრდგომით უნდა დაიწყოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ თქვენ ან კანონს არ სცემთ პატივს(რაშიც სააკაშვილს თავად ადანაშაულებთ), ან უდანაშაულო ადამიანს აიძულებთ პრეზიდენტის პოსტი უმიზეზოდ, მხოლოდ თქვენი ახირების გამო დატოვოს(რაც ასევე ანტიკონსტიტუციურია და რაშიც ასევე აქეთ სააკაშვილს სდებთ ბრალს).

P.S. რაც შეეხება უწმინდესის მოწოდებას, მისი გონიერებისა და სიკეთის წინაშე, როგორც ერთი რიგითი მოკვდავი ქედსაც ვიხრი და კალამსაც...
და სწორედ ამიტომაც ვფიქრობ, რომ - ჩვენი სამოქალაქო აზროვნება, რომელიც მსუბუქად რომ ვთქვათ პასიურია და მეტ პრინციპულობასა, ზნეობრიობასა და კანონმორჩილებას მოითხოვს ჩვენგან - ქრისტიანული ფარისევლობით არ უნდა ავხსნათ და შევნიღბოთ... კანონი რევანშზე არ დგას, კანონი სამართალზე დგას!
უფლის და კაცთა სამართალი კი განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ არა იმდენად, ერთმა მეორე უსამართლობაში რომ გადააგდოს...

"ჯი-ეიჩ-ენი", ელგა ფოლადიშვილი

ავტორი: . .