ENG / RUS       12+

ქართული "დნმ"-ის სომხური საფუძველები?

ქართული ანბანი ჩვენი "დნმ"-ია, ჩვენი გენეტიკური კოდი, _ ეს სიტყვები პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც ქართული ანბანის მონუმენტს ჩაუყარა საფუძველი. ნამდვილად სასიხარულო ინფორმაციაა, ვერაფერს იტყვი და რამდენიც არ უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტიდან თუ სარეზერვო ფონდებიდან, არა მგონია, ამან პროტესტი გამოიწვიოს. თუ რატომ _ ეს კიდევ ცალკე თემაა და ამაზე სხვა დროს, სხვა წერილში. ახლა კი, ორკვირიანი თავშეკავების შემდეგ, მინდა დავსვა (ან დავუსვა შესაბამის პირებს) რამდენიმე კითხვა, რაც ქართული ანბანის გარშემო ხდება. როგორც ამბობენ ხოლმე, ქართულ ენას, ქართულ ანბანს პატრონი არ ჰყავს, არადა, "როგორც ამბობენ" იქით იყოს და ნამდვილად არ ჰყავს! და აი რატომ...

პრეზიდენტის ამ გამოსვლამდე 10 დღით და მეცნიერების მინისტრ შაშკინის მიერ ერევანში ქართველოლოგიის კათედრის გახსნამდე ორიოდე დღით ადრე 15-მდე ჟურნალისტმა ერევანში ვიზიტისას ხელნაწერთა ინსტიტუტს მივაშურეთ.

გიდმა დიდი შემართებით დაიწყო თითოეული ხელნაწერის, მუზეუმში წარმოდგენილი სომეხი ისტორიკოსების, მწერლებისა თუ პოეტების ბიუსტთა და სხვა ექსპონატთა შესახებ თხრობა.

ის-ის იყო, სომეხი განმანათლებელის, მესროპ მაშტოცის შესახებ მოკლე ექსკურსმაც მშვიდობიანად ჩაიარა და შემდეგ ექსპოზიციასთან გადავინაცვლეთ, რომ ჩვენ უკან მყოფი ჯგუფის გიდის ხმამ მიიპყრო ყურადღება _ "სომხური ანბანის შექმნის შემდეგ, სომეხმა განმანათლებელმა მესროპ მაშტოცმა ანბანი შეუქმნა მეზობელ ქართველებსა და ალბანელებსაც", _ სხაპასხუპით მოუყვა უცხოელ ტურისტებს გიდი.

ჩვენი გიდი მივატოვეთ და შეიძლება "საერთაშორისო საზოგადოებისთვის" უზრდელად, მაგრამ მაინც შევაჩერეთ უცხოელების ჯგუფის "წინამძღოლ-მასპინძელი" და მისი ფუნქცია ჩვენ შევითავსეთ. ჯერ გიდს ვკითხეთ, მესროპ მაშტოცს რა წყაროების მიხედვით მიაწერდა ქართული ანბანის შექმნას. მან V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის თხზულება "მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა" დაგვისახელა.

"არსებობს სომხური ისტორიული წყაროების გადმოცემაც ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ, რომელიც სომხურ და ალბანურ ანბანებთან ერთად, ქართულის შექმნასაც სომეხ სწავლულს, მესროპ მაშტოცს მიაწერს. ეს ცნობა დაცულია V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის თხზულებაში "მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ V საუკუნის ხელნაწერში ეს ცნობა არ არის. იგი ამ თხზულების რამდენიმე საუკუნის შემდეგ გადაწერილ ხელნაწერში არშიაზეა მიწერილი, ხოლო შემდგომი პერიოდის ხელნაწერებში უკვე ტექსტშია მოთავსებული. იმავე პერიოდის, V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ლაზარი პარფელი მაშტოცს მხოლოდ სომხური ანბანის შემქმნელად მიიჩნევს", _ მივუგეთ გიდს და მეტი დამაჯერებლობისთვის ისევ კორიუნი მოვიშველიეთ, რომელიც ამბობს, რომ მესპორ მაშტოცმა ქართული ენა არ იცოდა და ამას სომეხი მხითარ აირივანეცის ვერსიაც დავუმატეთ...

მოულოდნელმა წინააღმდეგობამ (მოულოდნელი იმიტომ, რომ არ ელოდა, თავის ქალაქში, თავის მუზეუმში, წინააღმდეგობას თუ წააწყდებოდა) მას ფარ-ხმალი არ დააყრევინა და, ჩემი აზრით, ოდნავ სულელური კითხვა დასვა: "მხედრული ანბანი ვინ შექმნაო". ამაზე გულიანად გავიცინეთ და ახლა უცხოელებს მივუბრუნდით. დავიწყეთ საქართველოს ისტორიისა და ქართული ენის წარმოშობის თეორიების ახსნა (სხვათა შორის, იგივე სომხური ვერსიაც ვახსენეთ, თავისი გამაბათილებელი არგუმენტებით).

სასხვათაშორისოდ, მაგრამ ხაზგასმით, უცხოელებს ისიც ვუთხარით, რომ თანამედროვე მეცნიერები აღარც კი დავობენ იმაზე, რომ სომხური ანბანის ავტორი სირიულ და ბერძნულ დამწერლობებთან ერთად, სანიმუშოდ ქართულ ანბანსაც იყენებდა.

ჩვენს "განსწავლულობას" მუზეუმში აყალმაყალი არ გამოუწვევია, მაგრამ აღშფოთებამ და ხმამაღალმა "თხრობამ" აშკარა ყურადღება მიიქცია. ამით კი ადმინისტრაცია დაინტერესდა და დაიწყო ერთი მითქმა-მოთქმა.

ჩვენს გიდს გავხედე, ის იდგა შემდეგ ექსპოზიციასთან და მოთმინებით გველოდა. როცა ვუსაუყვედურეთ, მან რატომ "გამოტოვა" ჩვენთან უცხოელებისთვის განკუთვნილი ვერსია, მშვიდად და აუღელვებლად, ქართულად გვიპასუხა: "აქეთ მობრძანდით", შემდეგ კი რუსულად გააგრძელა: "მე თბილისელი ვარ და ამ თემაზე (გულისმობდა მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის ვერსიას) საერთოდ არ ვსაუბრობო. ჩვენთვის კი ცხადი იყო, რომ ის თბილისელობის გამო არ "გადაუხვევდა" მუზეუმის წესებს, აქ გადამწყვეტი როლი ჩვენმა ეროვნებამ შეასრულა.

მუზეუმში ჩვენი დავა დიდხანს გაგრძელდა და ახლა ამის თხრობას არ გავაგრძელებ.

კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მუზეუმის გარეთ გავიგეთ იმავე უცხოელებისგან, რომლებიც მუზეუმის წინ თავად მოგვიახლოვდნენ და შეიძლება ზრდილობისთვის, მაგრამ მაინც გვითხრეს, "ძალიან დავინტერესდით თქვენი მონათხრობით და საქართველოში აუცილებლად გესტუმრებითო". ცხადია, მადლობა გადავუხადეთ და რეფორმებიდან დაწყებული, აშენებულ-ასაშენებლის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ, სავიზიტო ბარათებიც გადავეცით და სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ. და აი, აქ გაირკვა კიდევ ერთი საოცარი რამ _ სომხურად რომ ვიცოდე, ვიტყოდი _ "სად იყო ძაღლის თავი დამარხული". ტურისტებმა გვითხრეს, რომ როდესაც სომხეთში ტუროპერატორს დაუკავშირდნენ, მათ დაგეგმილი ჰქონდათ საქართველოში ვიზიტიც, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ საქართველოში მოგზაურობა საშიში იყო და, არც მეტი არც ნაკლები, "თბილისის გარეთ ვერ გავიდოდნენ, რადგან კრიმინოგენული ვითარების გამო, მათ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას ვერავინ აიღებდა".

ეს უკვე მეტისმეტი იყო. მაქსიმალურად შევეცადეთ, მათთვის შიში გაგვეფანტა. ბიზნესის კეთების სიმარტივეზე, პოლიციის რეფორმაზე და ა.შ. ყველა სიკეთეზე ვესაუბრეთ, კიდევ ერთხელ დავპატიჟეთ საქართველოში და დავემშვიდობეთ...

თბილისამდე მოვედით. სადახლოს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სომხურ მხარეს სულ 20-25 წუთს მოგვიწია გაჩერებამ. აი, ქართულ მხარეს კი დიდი დაკითხვა მოგვიწყვეს _ ვინ ვიყავით, სად ვიყავით და ა.შ.. შემდეგ დამკითხველებს კიდევ ერთი მებაჟე შემოუერთდა, რომელმაც გვითხრა "ერევანში წასვლას გერგეთში წასულიყავითო" (ეტყობა, თავად გერგეთის იქით არსად ყოფილა და არც აპირებს წასვლას) და ახლა მან დაიწყო კიდევ ერთხელ 15 პასპორტის შემოწმება. არც ეს იკმარა და გოგონების ხელჩანთებიდან დაწყებული, ყველაფერი პირადად გაჩხრიკა. ერთსაათიანი ჩხრეკის შემდეგ გვითხრა, დაბრძანდით თქვენს მიკროავტობუსში, თავისუფლები ხართო.

ჩავსხედით. გამშვები პუნქტის ტერიტორიიდან გამოსულები არ ვიყავით და კიდევ ერთმა "მებაჟემ" გაგვაჩერა და გვისაყვედურა - რატომ სხედხართ, ეს მონაკვეთი ფეხით უნდა გამოიაროთ, ჩამობრძანდით, პასპორტები უნდა შევამოწმოო. "მაგას ჩამოსვლა რად უნდა, მობრძანდი და შეამოწმეო", _ წამოიძახა ჩვენი მანქანიდან ერთ-ერთმა. მართლაც, მოვიდა. 15 პასპორტის სათითაო გვერდს ფურცლავდა, დროდადრო ჩვენ შემოგვხედავდა და ადარებდა პასპორტის ფოტოებს. ამ ყველაფერმა ასე 35-40 წუთი კიდევ წაიღო. სულ 2 საათს მოგვიწია "გამარტივებულ" "თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საკუთარ ქვეყანაში შემოსვლისთვის საჭირო პროცედურის გავლამ. ცხადია, 2-საათიანმა "ჩხრეკამ" გვარიანი რიგიც გამოწვია. არადა, როგორ მინდოდა, მენახა მართლაცდა გამარტივებული პროცედურა. აი, ისეთი, ტელევიზორში რომ გვაჩვენებენ, რომელიმე მინისტრი რომ მივა ხოლმე, გაღიმებული მებაჟე რომ უცქერის და კეთილ მგზავრობასაც უსურვებს. ეტყობა, ესეც სანახაობაა. ეს ყველაფერი გულდასაწყვეტია, თორემ ალბათ ეს პროცედურა ასე უწერიათ კანონში და ზოგიერთი შეიძლება შემედავოს, უნდა გაეჩხრიკეთ, აბა რა უნდა ექნათო. მე კი სულ სხვა რამეს ვამბობ - მინდოდა მენახა ისეთი, როგორიც ტელევიზორში მრავალათასიანი ბიუჯეტის მქონე სიუჟეტებსა და სარეკლამო რგოლებში არის-მეთქი, ოღონდ გულწრფელად მქონდა ამისი სურვილი. თუმცა ამაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანი ერევანში მოსმენილი ამბავი იყო...

ისევ ქართულ ენას მივუბრუნდეთ. ვფიქრობ, უნდა დაისვას კითხვები, _ რისთვის ვდგამთ დედაენის ძეგლს, რისთვის ვხსნით ერევანში ქართველოლოგიის კათედრას. ვინ ინტერესდება, რას ასწავლიან საქართველოში არსებულ სომხურ სკოლებში ქართული ანბანის წარმომავლობისა და მთელი რიგი ისტორიული საკითხების შესახებ. იცის თუ არა მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ეს ყველაფერი და რას აკეთებს საქართველოს ელჩი სომხეთში. ერთხელ მაინც თუ ყოფილა ამ მუზეუმში ან თავად, ან საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაცია და "ზეპირსიტყვიერი" აღშფოთება თუ მაინც გამოუხატავთ?

რაც შეეხება ტურისტული კომპანიების საკითხს, ამაზე, ალბათ, ყველაზე კომპეტენტურმა ვერა ქობალიამ უნდა გაგვცეს პასუხი. რას აკეთებს მისი კონკურსის წესით შერჩეული ტურიზმის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელობა ამ მიმართულებით?

რა თქმა უნდა, არავითარი სურვილი არ მქონია და არც მაქვს, რომ ეს თემა რაიმე სახის დაპირისპირების მიზეზად იქნეს გამოყენებული. მაგრამ რას აკეთებს სახელმწიფო?! რა განმარტება მივცეთ ტურისტებს ბათუმში დედაენის მომუმენტზე და პრეზიდენტის სიტყვებზე _ "ქართული ანბანი ჩვენი "დნმ"-ია, ჩვენი გენეტიკური კოდია"-ო?!

რაც შეეხება ქართული ანბანის ბედს, სომხეთში ნავიზიტარ ბატონ შაშკინს საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში, ალბათ, არ ჩაუყენებია, არც სომხეთში საქართველოს საელჩოს დაუდია პატივი ბატონი ვაშაძისთვის, "რაპორტის" სახით ეცნობებინა ეს საკითხი, თორემ სხვა რომ არაფერი, კიდევ ერთხელ დასხდებოდნენ ქართველი და სომეხი მეცნიერები, ყოველგვარი ზედმეტი ვნებების გარეშე "გაივლიდნენ" ამ საკითხს და შეთანხმებას მიღწევდნენ (თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არც ერთი სერიოზული თანამედროვე მეცნიერი ამ საკითხს ეჭვის ქვეშ აღარ აყენებს და ქართული ანბანის სომხური წარმომავლობის ვერსია მხოლოდ კომიკურად მიიჩნევა).

ისე, მიტინგზე გადმომდგარი ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსის, მეცნიერისა თუ პროფესორის მიმართაც მინდა ვთქვა - შუაგულ რუსთაველზე რომ გვახსენებენ "ენა, მამული, სარწმუნოებაო", იქნება ეს ყველაფერი ისე, როგორც მეცნიერს, პროფესორსა და ისტორიკოსს შეეფერება, სომეხი კოლეგებისთვის აგეხსნათ?

ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, ალბათ, კიდევ მრავალი იტყვის, _ "რას გვიშვება ეს სააკაშვილიო", მაგრამ იქნებ საკითხი ასე დავსვათ, რას აკეთებს საკუთარი პერსონის "პიარის" გარდა, მეცნიერების მინისტრი? მისი ნარცისიზმის შედეგად, წლების შემდეგ ხომ არ გაჩნდება სომხეთის ხელნაწერთა ინსტიტუტის გიდების ტექსტში შემდეგი ფრაზა: "ქართველებმა 21-ე საუკუნეში ძეგლი დაუდგეს ქართულ ანბანს, რომელიც მათთვის სომეხმა განმანათლებელმა მესროპ მაშტოცმა შექმნა"...

"ჯი-ეიჩ-ენი", თემურ ჭუმბურიძე

ავტორი: . .