საქართველოში მოქმედი საერთაშორისო კორპორაციების დაფინანსება ამერიკის მხრიდან გაიზრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით შეთანხმებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ტიმოტი გეიდენერმა შეხვედრის დროს მიაღწია.
"ძალიან წარმატებული შეხვედრა გვქონდა აშშ-ის ფინანსთა მინისტრთან, რომელმაც მხარდაჭერა გამოთქვა ყველა ამ პროექტთან დაკავშირებით. ასევე, მზადყოფნა იმაზე, რომ ამ ორგანიზაციებს საქართველოს მიმართულებით დაფინანსება გაუზარდოს", - განაცხადა გილაურმა.
მისივე თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ამერიკელ ინვესტორებს მოუწოდა საქართველოში ეკონომიკაში ჩადოს ინვესტიციები, რაც იშვიათად ხდება.
"ამ მოწოდების შემდეგ ვნახოთ, რამდენად აქტიურები იქნებიან ამერიკელი ბიზნესმენები და ინვესტორები საქართველოში", - აღნიშნა გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა დელეგაციამ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული ქარტიის წლის შემაჯამებელი სხდომის ფარგლებში 5-10 ოქტომბერს ვაშინგტონში რიგი შეხვედრები გამართა.
დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ხელმძღვანელობდა. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან გამართა.