საზოგადოებას ჯერ კიდევ შეუძლია ვირუსის გავრცელების შეჩერება რეკომენდაციების გათვალისწინებით, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, მთავრობას უკვე ყველა ბერკეტი აქვს შემუშავებული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის, თუმცა თუ საზოგადოება გაითვალისწინებს რეკომენდაციებს, შეძლებს დაძლიოს კოვიდ-19 საგანგებო რეჟიმის გამოცხადების გარეშე.
„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვემზადებით ახალი ნაბიჯებისთვის, რომლებიც იქნება მეტად მკაცრი და მეტად შემაკავებელი. ეს ყოველივე დამოკიდებულია ჩვენი მოსახლეობის ქცევაზე. თუ ეს ქცევა იქნება შესაბამისი ხარისხით შესრულებული, ჩენ მოვახერხებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, ყველა ის რჩევა და მითითება, რომელსაც ჩვენ ვიძლევით, მაშინ საზოგადოება შეძლებს და დაძლევს კოვიდ 19-ს საგანგებო რეჟიმის გამოცხადების გარეშე. სხვა შემთხვევაში მთავრობას აქვს განხორციელებული ყველა ღონისძიება და მოხდება სავარაუდოდ საგანგებო რეჟიმის გამოცხადება. ეს დამოკიდებულია ჩვენს ურთიერთთანამშრომლობაზე. მთავრობა, ჯანდაცვა - როგორც რეკომენდატორი და საზოგადოება ყოველივე ამის შემსრულებელი“, - განაცხადა ტიკარაძემ.