მე ტატუნაშვილის ქვეყნიდან ვარ, ქალბატონო მარია და ბატონო მინისტრო, ოდესმე ყველას მოგიწევთ პასუხის გაცემა .. არაუშავს! - ასე პასუხობს ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებას, რომელმაც თქვა რომ ქართველი ჟურნალისტები სერგეი ლავროვს თავს დაესხნენ.
მან ასევე ქართველ ჟურნალისტებს "ღირსებადაკარგული ქალები" უწოდა.
"მე განვახორციელე თავდასხმა სერგი ლავროვზე. მე მოვკალი ტატუნაშვილიც, ოთხოზორიაც, ბაშარულიც, კვარაცხელიაც , 2008 წლის ომში 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
მე დავჭერი რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2232 სამოქალაქო და სამხედრო პირი. მე დავიწყე ომი . მე და ჩემი კოლეგები ვართ ბორდერიზაციის, ჩაკეტილი გადასასვლელების და ჰუმანიტარული კატასტროფის შემქმნელები. როგორც კიბერშეტევის დროს, ყველაფერში პომპეო და მისი ანტირუსული რიტორიკაა დამნაშავე.
კიდევ ერთხელ ნაწყვეტი ტატუნაშვილზე მომზადებული დასკვნიდან. “წამების ინსტრუმენტებად, დიდი ალბათობით, გამოყენებულ იქნა იარაღის ტარი, ავტომატების კონდახები, იარაღის ლულა, სხვა ცილინდრული მკვრივი/ბლაგვი საგნები.
წამების მეთოდებად გამოყენებულია სასტიკი ცემა ფოკუსირებულად ერთ ადგილზე და სხეულის მთელ მიდამოში, თავში ცემა. წამების მეთოდი გადის სექსუალური წამების მეთოდში, რაც გახლავთ გენიტალიების დაზიანება. არ არის გამორიცხული, რომ დიდი ინტენსივობით მოხდა ამ ადგილებში ცემა და სწორედ ეს გახდა სხვა დაზიანებებთან ერთობლიობაში ტრავმული შოკის განვითარების გამშვები მექანიზმი.
უნდა ვივარაუდოთ, რომ საათი და 10 წუთი მაინც აწამებდნენ. მე ტატუნაშვილის ქვეყნიდან ვარ, ქალბატონო მარია და ბატონო მინისტრო, ოდესმე ყველას მოგიწევთ პასუხის გაცემა.. არაუშავს!“, - წერს სოციალურ ქსელში ქარდავა.